პარალელი ტაისონისა და დაგლასის ჩხუბთან | გლოვერ ტეიშეირამ ილია VS გეიჯიზე ისაუბრა
UFC-ის ქვემძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, გლოვერ ტეიშეირამ ილია თოფურიასა და ჯასტინი გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც „ელ მატადორის“ მარცხით დასრულდა. ტეიშეირამ პარალელი მაიკ ტაისონისა და ბასტერ დაგლასის ჩხუბთან გაავლო და აღნიშნა, რომ ძნელია ავარჯიშო მებრძოლი, რომელსაც ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს.
„თოფურია ძალიან კარგი მებრძოლია და ვნახოთ, როგორ დაბრუნდება. ის დაუმარცხებელი იყო და არასდროს იცი, პირველი წაგების შემდეგ რა მოხდება. ალექს პერეირასთან მიმართებით ვიცოდით, რა მოხდებოდა — მისი წაგებები UFC-შიც და Glory-შიც გვინახავს, მაგრამ როდესაც დაუმარცხებელი მებრძოლის პირველ წაგებაზეა საუბარი, არასდროს იცი, რას უნდა ელოდო.
არის რაღაცები, რაც თოფურიამ გვითხრა. მაგალითად ის, რომ ჩხუბამდე 6-7 კვირით ადრე სპარინგების გამართვა შეწყვიტა. ინტენსიური სპარინგები ჰქონდა, შემდეგ კი ტექნიკაზე დაიწყო მუშაობა. შესაძლოა, ამან თავისი როლი ითამაშა.
ილიას ძლიერი დარტყმა აქვს და პირველ რაუნდში კარგად უტევდა, მაგრამ ამ ჩხუბს ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ის, რაც მისთვის იქამდე მუშაობდა, გეიჯისთან ეფექტური არ იყო. ჯასტინი არის მებრძოლი, რომელსაც ძლიერი დარტყმების ატანა შეუძლია და ოქტაგონში მოკვდება, ოღონდ არ დანებდება.
ჩემს გუნდში ყოველთვის ვამბობ, რომ ბევრად რთულია ავარჯიშო მებრძოლი, რომელსაც ძლიერი დარტყმა აქვს. ასეთ მებრძოლებს ჰგონიათ, რომ მეტოქეს ერთს ძლიერად მოარტყამენ და გაიმარჯვებენ. პრობლემაა სპარინგებიც, რადგან ასეთ მებრძოლს შეუძლია, ძლიერი დარტყმა გაუშვას და პარტნიორი შეაშინოს.
მაგალითის მოყვანაც შემიძლია. როდესაც პერეირა მოჭიდავეებს ესპარინგება, ალექსს შეუძლია, მათ ძლიერად მოარტყას და თეიქდაუნის შესრულების საშუალება არ მისცეს. ამიტომ, „პოატანს“ ყოველთვის ვეუბნები, რომ სპარინგებისას ძლიერი დარტყმები არ გამოიყენოს და პარტნიორს შანსები მისცეს. ამ შემთხვევაში, მეტოქეს თავდაჯერებულობა ექნება, რომ თეიქდაუნზე წავიდეს, რა დროსაც ალექსი დაცვაზე იმუშავებს.
მებრძოლებს, რომლებსაც ძლიერი დარტყმა აქვთ, ყოველთვის ვეუბნები: „აუცილებლად შეხვდებით მეტოქეს, რომელიც თქვენს დარტყმებს აიტანს. ეს გარანტირებულია, უეჭველად მოხდება!“ ასე იყო მაიკ ტაისონის შემთხვევაშიც, როდესაც ის ბასტერ დაგლასს შეხვდა. მან ტაისონის დარტყმები აიტანა, ნოკდაუნშიც აღმოჩნდა, თუმცა ტკივილს გაუძლო, წამოდგა და გაიმარჯვა. იგივე იყო ჰოლიფილდთან, რომელმაც მაიკის დარტყმები აიტანა.
აუცილებლად შეხვდები მებრძოლს, რომელიც შენს დარტყმებს აიტანს, აუცილებლად! ამისთვის მზად უნდა იყო. უნდა იცოდე, რა უნდა გააკეთო, თუ შენი დარტყმა მეტოქეს ვერ დაანოკაუტებს. უნდა იყო მზად, მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. და კიდევ ერთი — არის რაღაცები, რასაც მხოლოდ მარცხი ცვლის“.
შეგახსენებთ, რომ ტაისონისა და დაგლასის დაპირისპირება 1990 წელს გაიმართა. ბასტერი აშკარა აუტსაიდერი იყო და გამარჯვებაზე 42 კოეფიციენტი ჰქონდა. დაგლასმა სასწაული მოახდინა და ტოკიოში „რკინის მაიკი“ მე-10 რაუნდში დაანოკაუტა.