სევილიაში გამგზავრების ნებართვას ელოდება | ბოლო ცნობები ქოჩორაშვილზე
ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემის, A BOLA-ს ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიაში“ გადასვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, რის გამოც ფეხბურთელი გამგზავრების ნებართვას ელოდება.
გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი „სპორტინგიდან“ „სევილიაში“ ჯერ ბოლომდე არ დახურულა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დღეს, პარასკევს კიდევ ერთ სავარჯიშო სესიას ჩაატარებს რუი ბორჟესის ხელმძღვანელობით.
ოპერაციის დეტალები შეთანხმებულია, ლისაბონური კლუბი ნახევარმცველის სანაცვლოდ დაუყოვნებლივ 4,5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც (მიზნების მიღწევის მიხედვით) დაემატება, თუმცა დასაზუსტებელია ბოლო ბიუროკრატიული დეტალები, რომ 14 ნომერს ანდალუსიაში გასამგზავრებლად მწვანე შუქი აუნთონ.
„სევილიას“ განზრახვა, რომელთაც სურდათ ფეხბურთელის გამოყენება შაბათს, „ბილბაოსთან“ მატჩში, ჩაიშალა. გარიგებას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ პროცესის გაჭიანურება ესპანურ კლუბში გარკვეულ უკმაყოფილებასა და დაღლილობას იწვევს.
როგორც A BOLA წერს, 27 წლის ფეხბურთელი თავისი მომავლის გარკვევას მოუთმენლად ელის. აცნობიერებს რა, რომ არ შედის რუი ბორჟესის გეგმებში, ქოჩორაშვილი „სევილიაში“ გადასვლას კარიერის ხელახლა ასაწყობად იდეალურ შესაძლებლობად განიხილავს.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ქოჩორაშვილმა ლისაბონურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და კარიერის გაგრძელების საუკეთესო მიმართულებად ახლა ლა ლიგას განიხილავს. თავდაპირველად ქოჩორაშვილით „ხეტაფეში“ გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა „სევილიას“ მხრიდან დაინტერესების შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა მადრიდელები უარით გაისტუმრა.