„ბენზემა იდეალური გამარჯვებული იყო, კვარა ამ პროფილს შეესაბამება...“
„ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. 26 ოქტომბერი ახლოვდება და ამ დრომზე გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. პრესაში ყველას თავისი რჩეული ჰყავს, თუმცა გადაჭრით ვერავინ იტყვის, თუ ვის გადაეცემა ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდო.
„კარიმ ბენზემამ ერთხელ „ოქროს ბურთის“ იდეალური გამარჯვებული აღწერა - კვარაცხელია ამ პროფილს შეესაბამება“, - ცნობილი საფეხბურთო გამოცემა Tribuna ამ თემაზე სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს და მათი აზრით უმთავრეს ფავორიტზე ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.
„ვის შეიძლება ქარიმ ბენზემაზე უკეთ სცოდნოდა, თუ ვინ იმსახურებს „ოქროს ბურთს“? არავის! მისი 2021/22 წლების სეზონი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რა არის საჭირო „ოქროს ბურთის“ მოსაგებად.
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 44 გოლი გაიტანა, მათ შორის 27 ლა ლიგაში და 15 ჩემპიონთა ლიგაზე. ამით მან გამორჩეული სტატისტიკა შეუთავსა თავის გავლენას გუნდზე, რომელმაც ევროპული ტიტულიცა და ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ფრანგმა თავდამსხმელმა „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის თავისებური განმარტება გააკეთა:
„ჩემთვის, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული არის ის, ვინც იტანს გოლებს, ქმნის გოლებს. რთულ მომენტებში ის არის იქ, ვინც გუნდს წინ მიუძღვის. ეს ბევრ მსგავს რამეს მოიცავს. საქმე მხოლოდ გოლების გატანაში, ან არ ვიცი რაში, ან უბრალოდ ტიტულების მოგებაში არ არის. ეს ყველაფრის ნაზავია. შენი ქცევა მოედანზე. რეალურად ყველაფერი, რაც ამას ახლავს თან“.
2026 წლის „ოქროს ბურთის“ რბოლა სრულიად ღიაა და პრესტიჟული ჯილდოსთვის რამდენიმე პრეტენდენტი იბრძვის. მათ შორისაა პსჟ-ის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბენზემას მიერ აღწერილ ნამდვილი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის პროფილს ალბათ უმეტესობაზე უკეთ ერგება.

ის, ვინც გოლებს იტანს:
2025/26 წლების სეზონში „კვარადონამ“ ყველა ტურნირზე 19 გოლი გაიტანა. ამ გოლებიდან ზოგიერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ტიტულისკენ პსჟ-ის სვლაში.
ის, ვინც გოლებს ქმნის:
კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი შეიძლება დიდად შთამბეჭდავი არ იყოს, მისი წვლილი ბევრად სცდება საგოლე გადაცემებს. ის ლუის ენრიკეს სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა და პსჟ-ის შემტევ თამაშში მუდმივად აქტიურადაა ჩართული.
რთულ მომენტებში გუნდს წინ მიუძღვის:
ჩემპიონთა ლიგაზე კვარა გადამწყვეტი ფიგურა იყო. პსჟ-ის ვარსკვლავი საკუთარ გუნდს რთული მომენტების გადალახვაში არაერთხელ დაეხმარა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ 1-1 ფრედ დასრულებულ შეხვედრაში მისმა გამათანაბრებელმა გოლმა პსჟ-ის ქამბექს დაუდო სათავე და საბოლოოდ მათი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გამარჯვებამდე - 5-4 მოგებამდე მიიყვანა. გოლის გატანის შემდეგ მისი აღნიშვნაც იმ მოთამაშის ნიშანი იყო, რომელიც თანაგუნდელებს მოუწოდებდა, არ დანებებულიყვნენ.
ყველაფრის იდეალური ნაზავი:
მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებისა, სადაც არ გამოვლენილა გამოკვეთილი ფავორიტი, რომელიც „ოქროს ბურთის“ რბოლაში ლიდერობას მოიპოვებდა, ხვიჩა კვარაცხელია აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს იმისთვის, რომ ეს ჯილდო მოიგოს და პსჟ-ს ზედიზედ მეორე „ოქროს ბურთის“ წარმატება მოუტანოს“.
- წერს Tribuna ხვიჩაზე.