„სახიფათო გუნდია, თბილისში მოსაგებად ჩავალთ“ | იაგელონიას მწვრთნელის კომენტარი
„იაგელონიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან სემენეცმა „იბერია 1999“-თან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. პოლონურმა კლუბმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი მატჩი 4:0 მოიგო და სემენეცი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„ასახავს თუ არა ეს ანგარიში 100%-ით იმას, რაც დღეს მინდორზე ხდებოდა? რთული შეკითხვაა. ვფიქრობ, 100%-ით არა. მატჩის დასაწყისი ნამდვილად სტუმრების სასარგებლოდ წარიმართა — როგორც საერთო სურათის, ისე მომენტების შექმნის თვალსაზრისით. საწყის წუთებში ბურთს ვერ ვაკონტროლებდით და რიტმის პოვნა გაგვიჭირდა. ამ მონაკვეთის შემდეგ კონტროლი მოვიპოვეთ და მომენტები შევქმენით.
პენალტამდე ერთადერთი, რაც გვაკლდა, გოლი იყო. თერთმეტმეტრიანის შემდეგ კი მიმაჩნია, რომ უკვე სრული კონტროლი მოვიპოვეთ და პირველი ტაიმის მეორე ნახევარი კარგად ჩავატარეთ. ვფიქრობ, მეორე ტაიმშიც იგივე სცენარი განმეორდა: დასაწყისი ისევ სტუმრების იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად კონტროლი დავიბრუნეთ. ორი ძალიან ლამაზი გოლი გავიტანეთ, რომლებიც ფეხბურთელთა ინდივიდუალური ხარისხის დამსახურება იყო. ასე რომ, საპასუხო მატჩის წინ შესანიშნავი ანგარიში გვაქვს, მაგრამ ისიც დავინახეთ, რომ ეს გუნდი სახიფათოა და მომენტების შექმნა შეუძლია.
გარკვეული შეცდომები დავუშვით და განმეორებითი შეხვედრის წინ მათზე ლაპარაკი მოგვიწევს. ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მათ წინაშეა გუნდი, რომელსაც საფრთხის შექმნა შეუძლია და წამიერმა უყურადღებობამ შესაძლოა პრობლემები გააჩინოს. თუ მატჩამდე ვამბობდით, რომ ამ გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, პირველი შეხვედრის შემდეგ უკვე სრულიად არაფერი აქვს დასაკარგი. ასე რომ, საკუთარი ტრიბუნების წინ, საკუთარ მოედანზე, თან ასეთ ფონზე — რადგან დარწმუნებული ვარ, მთელი ერი და გულშემატკივრები ძალიან მადლიერები არიან იმ ისტორიისთვის, რაც დაწერეს — ისინი ეცდებიან, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.
ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამიტომ მეორე მატჩში ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩვენი გამოცდილება და ხარისხი უნდა გამოვიყენოთ, რათა მეტოქეს არ ვაგრძნობინოთ, რომ ორმატჩიანი დაპირისპირების შემობრუნება შეუძლია. იქ მოსაგებად უნდა წავიდეთ და არა პირველივე წუთიდან ანგარიშის შენარჩუნებაზე სათამაშოდ“.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა თბილისში გაიმართება. მატჩი 27 აგვისტოს არის დანიშნული და 20:00 საათზე დაიწყება.