ბათუმმა სამგურალი გაანადგურა | დილამ მეშახტეს მოუგო
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. სათამაშო დღის პირველ მატჩში, გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე „მეშახტეს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
თავდაპირველად, 15-ე წუთზე სტუმრები გოგოლაშვილის გოლით და3წინაურდნენ, თუმცა „დილამ“ თამაშის შემოტრიალება შეძლო. ანგარიში 21-ე წუთზე შოთა შეყილაძემ აღადგინა, 43-ე წუთზე დიუფმა სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა და ტაიმი „დილამ“ 2:1 მოიგო. მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე შოთა შეყილაძემ ზუსტი პენალტით დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, გორელებმა 3:1 გაიმარჯვეს.
დღის მეორე მატჩი წყალტუბოში ჩატარდა, სადაც „სამგურალმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. „სამგურალის“ კარში გოლები ეშეტიემ, წულუკიძემ, მანდრიჩენკომ და მარამ გაიტანეს.
21 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 38 ქულით „რუსთავი“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 34 ქულით „იბერია 1999“ არის. 21-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა 17 აგვისტოს გაიმართება, სადაც „სპაერი“ „გაგრას“ დაუპირისპირდება.