სენტ-ეტიენი ყველაფერს ართულებს - რა ელის დავითაშვილს
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი, ზურიკო დავითაშვილის ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველია. ქართველი ფეხბურთელის გარშემო ბევრი მითქმა-მოთქმაა. 25 წლის ფეხბურთელის დამატებით „ოლიმპიაკოსი“ არის დაინტერესებული, თუმცა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს „სენტ-ეტიენის“ პოზიცია წარმოადგენს. ფრანგული კლუბი ქართველი შემტევის 20 მილიონ ევროზე ნაკლებად დათმობას არ აპირებს, რის გამოც ტრანსფერი ამ დრომდე ჭიანურდება.
ამ გარემოებებთან დაკავშირებით ფრანგული გამოცემა score.fr ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
რა წერია სტატიაში:
ჩემპიონატის დასაწყისში არასრული ფიზიკური მომზადების გამო, „სენტ-ეტიენის“ სამწვრთნელო შტაბი ზურიკო დავითაშვილს დიდი სიფრთხილით იყენებს, თუმცა ის მაინც ყურადღების ცენტრში რჩება. გასული სეზონის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული საქართველოს ნაკრების შემტევი, სატრანსფერო ბაზარზე კვლავ განსაკუთრებულად ფასობს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან, ერთი პრესტიჟული მსურველი გამუდმებით ცდილობს მის გადაბირებას - ეს ბერძნული გრანდი, „ოლიმპიაკოსია“.
La Gazzetta-ს მიერ გავრცელებული და ათენური მედიის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, პირეოსულმა კლუბმა ფლანგების გასაძლიერებლად, თბილისში დაბადებული ფეხბურთელი თავის მთავარ პრიორიტეტად აქცია. მართალია, „გავროსის“ სელექციონერებმა სხვა კანდიდატებიც (ჟუნიორ კადილე, ბრაიან ხილი და ჟუნიორ კრუპი) მონიშნეს, მაგრამ „სენტ-ეტიენის“ შემტევის ვარიანტი განსაკუთრებული დაჟინებით კვლავ წინა პლანზე გამოდის. გამოცემა Live Sport იმასაც აზუსტებს, რომ ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობის შესასწავლად, ბერძნულ ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის პირდაპირი კონტაქტი უკვე დამყარდა.
ამ საქმის მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობის მტკიცე პოზიციაა. კლუბის აქციონერ Kilmer Sports Ventures-ს სულაც არ აქვს განზრახული თავისი შემტევი „მარგალიტის“ იაფად დათმობა და მის გასაშვებად მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს. მას შემდეგ, რაც ზაფხულის დასაწყისში კლუბმა არასაკმარისად მიჩნეული პირველი შეთავაზებები უარყო, ახლა მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიციიდან ერთვება.
„ბორდოდან“ 6 მილიონ ევროდ დამატებული ქართველი გარემარბი დღეს სპეციალიზებული ვებსაიტის, Transfermarkt-ის მიერ 12 მილიონ ევროდაა შეფასებული. თუ „ოლიმპიაკოსი“ „სენტ-ეტიენის“ ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს გარიგება ფრანგულ კლუბს კოლოსალური ფინანსური მოგების მიღების საშუალებას მისცემს, რაც იან კატროს ხელმძღვანელობით დაწყებული სპორტული რესტრუქტურიზაციის გაგრძელებას მოხმარდება.
ცნობისთვის, საფრანგეთში ლიგა 2-ის სეზონი უკვე დაიწყო. „სენტ-ეტიენმა“ ორი შეხვედრა გამართა და ორივე მოიგო. დავითაშვილმა ორივე მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და „სოშოსთან“ 21, ხოლო „კლერმონთან“ 31 წუთი ითამაშა.