წიტაიშვილის დებიუტი არ შედგა - რაიო ვალეკანომ კვლავ ვერ მოიგო
ლა ლიგის მე-2 ტურში გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანომ“ ნეიტრალურ მოედანზე (ლეგანესის არენა. საკუთარ სტადიონზე რემონტი მიმდინარეობს) „ალავესს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 1:1 ითამაშა.
გიორგი წიტაიშვილის დებიუტი ამჯერად ვერ შედგა, რადგან მისი გუნდისთვის საკმაოდ უიღბლო დღე იყო. „რაიომ“ საწყის წუთებში ტრავმის გამო გუნდის ლიდერი ისი პალასონი დაკარგა და მთავარ მწვრთნელს ბენიატ სან ხოსეს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მეკარე აუგუსტო ბატალიაც დაემტვრათ. ქართველი შემტევი სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა და სავარაუდოდ, მოედანზე მესამე ტურში ვიხილავთ.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „რაიომ“ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, უპირატესობაც ჰქონდათ, მეორე ნახევარიც ასევე დაიწყეს და 48-ე წუთზე სერხიო კამელიომ ანგარიშიც გახსნა.
„ალავესი“ გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდა და მომენტებიც შექმნეს, თუმცა გოლის გატანას იქამდე ვერ ახერხებდნენ, სანამ 84-ე წუთზე ანდრეი რატიუმ მიუტევებელი შეცდომა არ დაუშვა და მარიანო დიასს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.
„რაიო ვალეკანოსთვის“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. პირველ ტურშიც 1:0-ს იგებდნენ, თუმცა 10-კაციან „სევილიასთან“ მოახერხეს და 97-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ.
მესამე ტურში წიტაიშვილის გუნდი 31 აგვისტოს სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 23:30-ზე დაიწყება.