საკამათო პენალტი და გამოუყენებელი მომენტები - იბერია იაგელონიასთან დამარცხდა
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში „იბერია 1999“ პოლონეთში „იაგელონიას“ დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ დანაკლისი - „იბერია“ პოლონეთში ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის გარეშე ჩავიდა: ანდრია ბართიშვილი და ვახო ბედოშვილი მცირე ტრავმების გამო გუნდს გამოაკლდნენ.
პირველმა ტაიმმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ამბავი შეგვახსენა - ფიზმომზადებაში ძალიან უკან ვართ...
საწყის 20 წუთში ანდრეი დემჩენკოს გუნდმა მაღალი პრესინგი ითამაშა და მეტოქე უბურთოდ დატოვა. საგოლე მომენტებიც შეიქმნა, თუმცა საშემსრულებლო ოსტატობა, ანუ კლასი დაგვაკლდა. ოცწუთიანი პრესინგის შემდეგ, დაღლამ თავი იჩინა და მეტოქემ მაკარიძის კართან მომენტების შექმნა დაიწყო.
34-ე წუთზე მატჩის ყველაზე საკამათო ეპიზოდი ვიხილეთ. ჯერემი აგბონიფომ მარჯვენა ფლანგიდან მორიგი დრიბლინგი შემოგვთავაზა, ერთ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოში ალჰასანთან შეჯახების შედეგად დაეცა. არბიტრმა პენალტი დანიშნა. ვიდეო რეფერი არ გამოიყენეს და ეპიზოდი ყველანაირი გადამოწმების გარეშე დასრულდა.
მთავარი არბიტრი ესპანელი იყო - რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა. ლა ლიგაში მსაჯთა დონე, რომ ფსკერთან ძალიან ახლოსაა, ეს ახალი ამბავი არ არის. აგბონიფომ აშკარად პენალტის მოპოვებაზე ითამაშა და ალჰასანს ფეხზე განზრახ შეეჯახა. გამეორებაზე ყველაფერი აშკარად ჩანს...
ამის შემდეგ ყველაზე დასანანი რამ მოხდა - მაკარიძემ ესპანელ იმაზს პენალტი აუღო, მაგრამ „იბერიას“ ფეხბურთელები დარტყმის მომენტში საჯარიმოში ნაადრევად შევიდნენ და მსაჯმა რა თქმა უნდა, დარტყმის თავიდან შესრულების ბრძანება გასცა, რომელიც ამჯერად იმაზმა ზუსტად შეასრულა.
მეტოქემ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და მალევე მეორე ბურთიც გაიტანა. აგბონიფომ მარჯვენა ფლანგიდან ლამაზ სტილში ორსვლიანი კომბინაცია ეფექტური გოლით დააგვირგვინა.
მეორე ტაიმის სტარტზე ნაჭყებიას გოლი ვიხილეთ, რომელიც რიკარდო დე ბურგოსმა გააუქმა, რადგან შეტევის დასაწყისში ჯარიმა დაფიქსირდა. ამის შემდეგ, „იაგელონიამ“ სტანდარტულიდან მესამეც გაიტანა. ალჰასანს დღეს იღბალი არ სწყალობდა. ნიგერიელი ავტოგოლის ავტორი გახდა...
შეხვედრა ნაცნობი სცენარით დასრულდა - ქართულმა კლუბმა მომენტები შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა, მეტოქემ კი ბოლო წუთებზე მეოთხეც გაიტანა და ერთ კვირაში გასამართი განმეორებითი შეხვედრა სრულად ფორმალობად აქცია.
მატჩის ვრცელი მიმოხილვა