„ჩვენს გრეპლინგს შევადარებთ და ვნახოთ...“ - დოლიძემ მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე 23 აგვისტოს ორგანიზაციაში მორიგ ორთაბრძოლას გამართავს. „კავკასიელი“ მებრძოლის მეტოქე რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. ჩხუბი ქვემძიმე წონით დივიზიონში გაიმართება.
რომან დოლიძ მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით UFC-ის ოფიციალურ გვერდთან ჩაწერა ინტერვიუ და უქმეებზე გასამართ ბრძოლასთან ერთად, ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა.
რას ამბობს დოლიძე:
185 ფუნტში ძალიან კარგი კარიერა მქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში წონის კლება ცოტა გამირთულდა. წონის დაგდება ახლაც შემიძლია, პრობლემა არ არის, ფსიქოლოგიურად ყოველთვის მზად ვარ და ვერაფერი შემაჩერებს. მაგრამ, როცა საქმე წონის აღდგენაზე მიდგება, ეგ ბევრად უფრო რთულია. ძალის მხრივ განსხვავება არ არის, თავს ყოველთვის ძლიერად ვგრძნობ. 185-შიც ძლიერი ვიყავი და 205 ფუნტში თავს კიდევ უფრო ძლიერად ვგრძნობ, ამიტომ ჩემთვის არანაირი განსხვავება არაა.
რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ყველაფრის თავიდან დაწყებაა, მაგრამ ჩემს კარიერაში ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რეიტინგში ყოფნას ვიმსახურებ, რადგან უკვე მყავდა დამარცხებული ერთი ბიჭი, რომელიც ქვემძიმე წონის ტოპ ათეულში იყო და 205-შიც ჩემს კუთვნილ ადგილს დავიკავებ.
ეს ჩემი საქმეა. საქართველოში, სახლში ვცხოვრობ და შვილებს ვზრდი. პირველ რიგში, მამა ვარ და როცა მათ ვტოვებ, ვიცი რატომაც ვაკეთებ ამას, ვიცი აქ რატომაც ვარ. ეს ფსიქოლოგიურად არ მაწუხებს, უბრალოდ მზად ვარ ყველაფრისთვის და ვემზადები.
დიდხანს უმოქმედოდ ყოფნა არ შემიძლია, რადგან იქ ჩემი ბიზნესები მაქვს და ბევრი რამ ხდება. ყოველი დილა სატელეფონო ზარებით იწყება, ვმუშაობ, რამდენიმე საათში ვამთავრებ და სავარჯიშოდ მივდივარ.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში MMA-ის მებრძოლი ვიქნებოდი, მაგრამ ეტყობა ასეთი ვარ. ცხოვრებაშიც მებრძოლი ვარ, არასდროს ვჯერდები იმას, რაც მაქვს და რაც ხდება. ყოველთვის მეტი მინდა და ასეა ჩხუბშიც.
როცა დავიწყე, არავის ეგონა, რომ ამ დონეს მივაღწევდი, რადგან ძალიან გვიან, 28 წლის ასაკში დავიწყე. სულ რაღაც ორ წელიწადში, მხოლოდ ექვსი ბრძოლის შემდეგ, უკვე UFC-სთან მქონდა კონტრაქტი გაფორმებული, დაახლოებით ორ-სამ წელიწადში კი საშუალო წონის რეიტინგის მერვე ნომერი გავხდი. სულ ესაა, ასე მუშაობს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში - მხოლოდ წინსვლა და არცერთი ნაბიჯი უკან.
არ მომწონს ხალხმრავალი ადგილები. საქართველოში ძალიან რთულ დროში გავიზარდე და თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ მაშინ, როცა შემიძლია ყველაფერი გავაკონტროლო და მხოლოდ ბუნებას, მკაცრ ბუნებას, ცუდ ამინდებს და იმ სირთულეებს შევეჯიბრო, რაც იქ შეიძლება მოხდეს. იქ მხოლოდ მე ვარ და მზად უნდა ვიყო ყველაფრისთვის. სწორედ ეს მომწონს - რთული ცხოვრება.
რაც შეეხება ჩემს მომავალ მეტოქეს, ვფიქრობ, მას UFC-ში კარგი კარიერა აქვს და ყოველთვის მინდოდა მასთან ჩხუბი ჯერ კიდევ მაშინ, როცა 185 ფუნტში ვიყავი. რამდენჯერმე გამოვიწვიე კიდეც, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. გამოვიწვიე ის, გამოვიწვიე ბო ნიკალი, მაგრამ მათ ერთმანეთთან იჩხუბეს, ჩემთან ბრძოლაზე კი არაფერი უთქვამთ. თუმცა ახლა 205-ში ვართ და თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.
205-ში გარკვეულ სახელებს ველოდი და ის იყო პირველი, ვინც შემომთავაზეს, რითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი და ამ ბრძოლისთვის მადლობა ვუთხარი.
ვფიქრობ, სტილისტურად ძალიან საინტერესო ბრძოლაა, რადგან ისიც ძალიან კარგი გრეპლერია. მაღალი, ძლიერი ბიჭია და სტრაიკინგშიც არ არის ცუდი, მაგრამ ვფიქრობ, გაცილებით ძლიერი ვარ. ჩვენს გრეპლინგს შევადარებთ და ვნახოთ.
აქამდე ორივე მებრძოლი საშუალო წონაში გამოდიოდა, თუმცა დოლიძე ერთდროულად ორივე წონითი დივიზიონის ტოპ 10-შიც იმყოფებოდა.
დე რიდერს ბოლო ორი ჩხუბი წაგებული აქვს - ბრენდან ალენთან და კაიო ბორალიოსთან დამარცხდა. მის ანგარიშზე 21 მოგება და 4 მარცხია. ნიდერლანდელს 21-დან 13 მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით აქვს მოგებული, 5-ჯერ ნოკაუტით იმარჯვა, 3-ჯერ — მსაჯების გადაწყვეტილებით.