„არაფერი მიკვირს, კაპიტანი ვინ არის შეხედეთ“ - ალდერვეირელდი ტოტენჰემის მდგომარეობაზე
ინგლისის პრემიერლიგის მოყვარულებისთვის გასული სეზონის ყველაზე დიდი მოულოდნელობა უდავოდ „ტოტენჰემის“ ფიასკო გახლდათ, რომელიც მთელი გათამაშების მანძილზე სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ტრიალებდა, თუმცა ფინიშის სწორზე „დეზებმა“ მობილიზება შეძლეს და ჩემპიონშიპში დაქვეითებას გადაურჩნენ. რატომ მივიდა ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბი აქამდე, ამის თაობაზე ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მყოფმა ვეტერანმა ბელგიელმა ფეხბურთელმა ტობი ალდერვეირელდმა ისაუბრა, რომელიც ლონდონელთა ღირსებას 2015-2021 წლებში იცავდა.
ტობი ალდერვეირელდი
ამ ფორმაციის გუნდი იმის აჩრდილიც არ არის, რომლის ღირსებასაც მე ვიცავდი. ოთხეულში ლამის ყველა სეზონში ვხვდებოდით, პარალელურად კი ტიტულებისთვისაც ვიბრძოდით, თუმცა სამწუხაროდ ვერც ერთხელ ვერ მოვიგეთ, რადგან რთული პერიოდი დაგვემთხვა - „უაით ჰართ ლეინიდან“ „უემბლიზე“ გადასვლა გუნდს სწორედ მაშინ მოუწია და ახალ სტადიონთან შესაგუებლად გარკვეული პერიოდი დაგვჭირდა.
ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელებმა კარგი სატრანსფერო კამპანია აწარმოეს, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რაც წინა სეზონში მოხდა, აღარ განმეორდება. ახლა გუნდის შიდა სამზარეულოს არ ვიცნობ, მაგრამ მგონია, რომ იმ მოთამაშეთა უმრავლესობას, რომლებიც წინა სეზონში ასპარეზობდნენ, სათანადოდ არ ჰქონდათ გათავისებული „ტოტენჰემის“ ტრადიციები, ისტორია და ამ კლუბის ემბლემას პატივს არ სცემდნენ.
კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის საჭიროა კაპიტანი, მისი დამაჯერებლობა და ის საქციელი, რითაც თანაგუნდელებისთვის მისაბაძი უნდა იყოს, მაგრამ გასულ წელს კრისტიან რომერო ძირითადად საკუთარ ადგილზე არ იყო. ის ან წითელ ბარათებს იღებდა, ან პროცესში ბოლომდე ვერ ერთვებოდა. გულშემატკივრის ამპლუიდან მოვლენების შეფასება ადვილია, მაგრამ ჩემს დროს ასეთი რამ არ ხდებოდა.
ცნობისათვის, ტობი ალდერვეირელდმა „ტოტენჰემის“ კარგი სატრანსფერო კამპანია ახსენა და გეტყვით, რომ „ჰოთსპურმა“ მარტინ დუბრავკა - „ბარნლიდან“, ენდრიუ რობერტსონი - „ლივერპულიდან“, მარკოს სენესი - „ბორნმუთიდან“, იან პოლ ვან ჰეკე - „ბრაიტონიდან“, მატეუშ ფერნანდეში - „ვესტ ჰემიდან“ და სანდრო ტონალი „ნიუკასლიდან“ დაიმატა.