არსენალი დანებდა? - ვინისიუსი რეალში რჩება
მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. იან დიომანდეს ტრანსფერმა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენს“ ხელიდან გამოსტაცა და როდრის დამატებაზე დაწყებულმა ოფიციალურმა მოლაპარაკებებმა საფეხბურთო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ამის ფონზე ლონდონის „არსენალი“ მადრიდელთა კიდევ ერთი ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის, გადაბირებას გეგმავდა. „მეთოფეებს“ საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდათ, რადგან მორგან როჯერსის ტრანსფერი ვერ შედგა — ფეხბურთელი საბოლოოდ „ჩელსიმ“ შეიძინა და „ასტონ ვილას“ სანაცვლოდ 137 მილიონი ევრო გადაუხადა.
ინგლისური წყაროების ცნობით, მიკელ არტეტას გუნდი მზად იყო „რეალისთვის“ მრავალმილიონიანი შეთავაზება გაეკეთებინა, თუმცა ახლა „არსენალში“ მიაჩნიათ, რომ ტრანსფერის განხორციელების შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს.
„ის ახალ კონტრაქტს გააფორმებს,“ — ასეთია, წყაროს ინფორმაციით, „არსენალის“ ხელმძღვანელობის პოზიცია, როდესაც ვინისიუსის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობენ.
ბრაზილიელი შემტევის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი უკვე მეორე ზაფხულია დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მისი ხელფასის გამო შეფერხდა — ვინისიუსი სეზონში დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს.
მიუხედავად ამისა, „რეალს“ დრო თითქმის აღარ აქვს. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ კლუბმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს — გაუხანგრძლივოს ხელშეკრულება, გაყიდოს, თუ გარისკოს და ერთი წლის შემდეგ უფასოდ დაკარგოს.
ინგლისური წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ თავად ვინისიუსს საჯაროდ არასოდეს განუცხადებია, რომ კლუბის დატოვება სურს. მაგალითად, მისი მდგომარეობა არ ჰგავს ხულიან ალვარესის შემთხვევას, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის დროს ღიად დააფიქსირა „ატლეტიკოდან“ წასვლის სურვილი.
ვინისიუსს არც სოციალურ ქსელებში გამოუხატავს უკმაყოფილება და არც საჯარო განცხადება გაუკეთებია. სწორედ ამიტომ „არსენალში“ ფიქრობენ, რომ მისი გადაბირება ამ ეტაპზე რეალისტური აღარ არის, თუმცა სიტუაციას ყურადღებით მაინც აკვირდებიან.
შედეგად, არტეტა და სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა ახლა სხვა მაღალი დონის ფლანგის შემტევების დამატებაზე გადაერთვებიან. გავრცელებული ინფორმაციით, გაბრიელ მარტინელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ხოლო ერთ-ერთ მთავარ ალტერნატივად „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ბრედლი ბარკოლა განიხილება, რომლის ტრანსფერით „ლივერპულიც“ ინტერესდება.
ამ ეტაპზე კი ვინისიუს ჟუნიორის „არსენალში“ გადასვლა მხოლოდ ზაფხულის აუხდენელ ოცნებად რჩება.
BREAKING: Real Madrid have no intention of selling Vinicius Junior and are confident he will agree to a new contract, Sky Sports News has been told ????❌ pic.twitter.com/Q5FEAz75ZQ
— Sky Sports Football (@SkyFootball) July 28, 2026