„მასთან ხალიჩას კიდევ ერთხელ გავიზიარებ“ - მაჭარაშვილმა მეტოქე დაასახელა
„თბილისი არენას“ დარბაზში გამართულ RAF GEORGIA-ს მეინ ივენთზე მერაბ დვალიშვილის მიერ ჰენრი სეხუდოსთან მოპოვებულმა დაუვიწყარმა გამარჯვებამ თითქოს სხვა ბრძოლები გადაფარა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული დაპირისპირება კარგი სანახავი იყო. დაძაბულობით გამოირჩა გივი მაჭარაშვილის შეხვედრა ამერიკელ ზაკ ელამთან, რომელიც 2024 წლის ოლიმპიადის მცხეთელმა ვიცე-ჩემპიონმა 7:3 დაამარცხა და ღონისძიების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მომავალი მეტოქეც დაასახელა.
გივი მაჭარაშვილი
მინდა, რომ RAF-ში ჩემს წონით კატეგორიას, 97 კილოგრამს დავუბრუნდე. კაილ სნაიდერს უკვე ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ ჩვენს შორის რემატჩი შედგება. მსურს, ამ ლეგენდარულ მოჭიდავესთან ხალიჩა კიდევ ერთხელ გავიზიარო და ჩემი ის მაქსიმუმი ვაჩვენო, რომლის დემონსტრირებაც მასთან პირველ შეხვედრაში ტრავმის გამო არ გამომივიდა.
შეგახსენებთ, რომ გივი მაჭარაშვილი ამერიკელ კაილ სნაიდერს მაისის ბოლოს დაუპირისპირდა და 0:10 დამარცხდა. მის წაგებას კი ხელი იმ დაზიანებამაც შეუწყო, რომელიც 28 წლის ქართველმა მოჭიდავემ შეხვედრის მიმდინარეობისას მიიღო. აქვე გეტყვით, რომ სნაიდერი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონია. RAF-ის საჩემპიონო ქამარი კი მან თბილისში აბდულრაშიდ სადულაევის დამარცხებით დაიცვა, რომელმაც შეხვედრა ტრავმის გამო ვერ დაასრულა.