„ვეცდები, სეხუდო სპორტის მისივე სახეობაშიც დავამარცხო“ - დვალიშვილის პრესკონფერენცია
თბილისში გასამართ RAF Georgia-ს ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე მოჭიდავეებმა პრესკონფერენცია გამართეს.
ღონისძიების მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ორთაბრძოლა იქნება, მანამდე კი „მანქანამ“ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
„როგორც იცით, პიოტრ იანთან წაგების დღიდან ვიცი ჩემი მეტოქის ვინაობა. ვემზადები იანთან ტრილოგიისთვის - როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. ეს ალბათ შემოდგომაზე მოხდება. იცით, რომ აქტიურობა მჩვევია. ღმერთის წყალობით, დავიბრუნებ ქამარს და გავაგრძელებ ტიტულის აქტიურად დაცვას.
სამშობლოში ასპარეზობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე პროფესიონალი მებრძოლი ვარ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ აქაც და სხვა ქვეყანაშიც. მეტიც, სხვა ქვეყანაში ალბათ უფრო მეტად ვარ მოტივირებული.
ერთი კვირის წინ ჩამოვედი თბილისში და ჩვენი ქართველი მოჭიდავეების, განსაკუთრებით ავთანდილ კენჭაძის დახმარებით ვემზადები ამ ორთაბრძოლისთვის. მადლობას ვუხდი მათ. მგონია, რომ სათანადოდ მოვემზადე, რათა ღირსეულად ვეჭიდავო ჰენრი სეხუდოს. ქართველ გულშემატკივრებს დიდი როლი ექნებათ ხვალ.
ბრძოლის დროს ძალიან მშვიდად ვარ ხოლმე და თავს კომფორტულად ვგრძნობ, წინა ჭიდაობის დღეს, გახურებისას კი ვნერვიულობდი. ეს ჩემთვის გამოწვევაა და ვნახოთ, როგორ გავუმკლავდები ამას. ვეცდები, ჰენრი სეხუდო სპორტის მისივე სახეობაში დავამარცხო“.
აქვე გეტყვით, რომ ღონისძიება ხვალ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მთავარი მოვლენა დვალიშვილი-სეხუდოს დაპირისპირება იქნება, თანამთავარ მოვლენად კი აბდულრაშიდ სადულაევისა და კაილ სნაიდერის ორთაბრძოლაა ჩანიშნული.