„იანი თუ ომალი? ნებისმიერისთვის მზად ვარ“ - მერაბმა მომავალ ჩხუბზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პიოტრ იანის მოქმედებას ელოდება. „მანქანამ“ აღნიშნა, რომ მისი და რუსი მებრძოლის ტრილოგია აგვისტოში არ შედგება. დვალიშვილმა შონ ომალისთან ბრძოლაც არ გამორიცხა.
რას ამბობს მერაბი:
„ძალიან მიხარია შონ ომალის გამო. ზაჰაბი შთამბეჭდავად დააფინიშა. მესმის, რომ პიოტრ იანიც კი გამოიწვია, მაგრამ მაინც მიხარია. მომწონს ეგ ბიჭი და ძალიან ბედნიერი ვიყავი მის გამო. მაგრად იჩხუბა. საბოლოოდ, ახლა მე პიოტრ იანს ვეჩხუბები, მაგრამ თუ UFC გადაწყვეტს, რომ მას ვეჩხუბო, სიამოვნებით ვეჩხუბებოდი. ვინც დაიმსახურებს და ვინც საუკეთესო მეტოქე იქნება ჩემთვის, იმას ვეჩხუბები. მაგრამ ამ მომენტში, პიოტრ იანი საუკეთესო გამოწვევაა, მით უმეტეს, რომ ბოლო ბრძოლაში მომიგო და ახლა ანგარიში ერთი-ერთზეა. მე ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ვარ საბრძოლველად, მით უმეტეს, რომ ქამრისთვის ვიბრძვით. და ამის მერე, თუ შონ ომალისთან მომიწევს ჩხუბი, 10-ჯერ შემიძლია ვეჩხუბო, პრობლემა არაა.“
„როდის გაიმართება იანთან ბრძოლა? როგორც ჩანს, აგვისტოში არ ვიჩხუბებთ, პიოტრისგან არაფერი გამიგია. უბრალოდ ველოდები და ვლოცულობ, რომ კარგად იყოს, მალე დაბრუნდეს. არ ვიცი, რა გითხრა, არ ვიცი. პიოტრ, მალე დაბრუნდი, ძმაო. ვიჩხუბოთ. ჩხუბი მინდა, გესმის? წავედით!“
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი მანამდე RAF-ში, ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ იჭიდავებს. RAF-ის მორიგი ღონისძიება თბილისში, 11 ივლისს გაიმართება და მერაბის გარდა გენო პეტრიაშვილს, ლადო ხინჩეგაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და არმან ცარუკიანს ვიხილავთ. მათ გარდა ღონისძიებაზე სხვა სახელოვანი მოჭიდავეებიც წარდგებიან.