რამუშის იგნორირება და კრიშტიანოს სრულად თამაში - მარტინესმა მიზეზები განმარტა
რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით პორტუგალიამ უსახელოდ კიდევ ერთი დიდი სანაკრებო ტურნირი დატოვა, რის შემდეგაც ესპანელი სპეციალისტის კვალიფიკაციას საფეხბურთო ექსპერტთა და ვეტერან ფეხბურთელთა უმეტესობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. განსაკუთრებული პრეტენზიები მის მიმართ გონსალუ რამუშის იგნორირების გამო ისმის, რომელმაც ხორვატიასთან 1/16-ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა და მიუხედავად ამისა, ესპანელებთან მარტინესს მის გამოყენებზე საერთოდ არ უფიქრია. როდესაც ამის თაობაზე შეკითხვა დაუსვეს, რობერტომ მედიის წარმომადგენელს ასეთი პასუხი გასცა:
„თქვენ და თქვენი კოლეგები ამ საკითხს ზედმეტად ზედაპირულად უდგებით. ფიზიკური თვალსაზრისით კრიშტიანუ რონალდუ 90 წუთი სათამაშოდ მზად იყო. ის ქმნის სივრცეს, ტაქტიკასთან მშვენივრად ადაპტირდება და რონალდუს მოედანზე ყოფნა ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა. შესაძლოა გონსალუ რამუში დამატებით დროში მართლაც სასარგებლო ყოფილიყო, მაგრამ ამ შეხვედრაში განსხვავებული სტრატეგია გვქონდა შემუშავებული.
ხორვატიასთან მატჩში რაფაელ ლეაუ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო, მაგრამ ის ახლაც ძირითადში მარტივი მიზეზის გამო არ დავაყენე - 90 წუთი მას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა ნათამაშები და ზედიზედ მეორე შეხვედრაში მისი ასე დატვირთვა კარგ შედეგს არ მოიტანდა. საერთო ჯამში გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ - ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან დავმარცხდით და ხშირ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შევუქმენით, რაც სამწუხაროდ ლოგიკური შედეგით ვერ დავაგვირგვინეთ“.
შეგახსენებთ, რომ რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უკვე დატოვა. ესპანელი მწვრთნელი ლუზიტანებს 2023 წლის 9 იანვრიდან ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 45 მატჩიდან გუნდმა 30 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 6 წააგო