50 ტაქტიკა სცადა და არცერთმა არ გაამართლა | კუარეჟმა რობერტო მარტინესზე
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებმა მიკელ მერინოს გამარჯვების გოლით პორტუგალია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რიკარდუ კუარეჟმამ მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი და ფეხბურთელები გააკრიტიკა.
„ჩემი აზრით, თავიდანვე ცუდად დაიწყო და ასე გაგრძელდა. ყველაფერი ცუდად წავიდა. არ ყოფილა თამაში, რომელზეც იტყოდით, რომ კარგად ვითამაშეთ, ან ბევრი შევუტიეთ და უბრალოდ არ გაგვიმართლა. დღესაც, თავიდან ბოლომდე თამაში ესპანეთს ჩავაბარეთ. ესპანეთი აკონტროლებდა მთელ მატჩს, აკეთებდა იმას, რაც უნდოდა, აკონტროლებდა ტემპს. როცა უნდოდათ, აჩქარებდნენ. როცა დასვენება უნდოდათ, აჩერებდნენ. ჩვენ კი დავდიოდით უხალისოდ, უემოციოდ და ძალიან ნელა.
„მერე ეს შეცვლები, რომლებიც საერთოდ არ მესმის... დავიღალე ამის გამეორებით, მაგრამ მარტინესი ჩემში სიმპათიას არასდროს იწვევდა. მოგწონთ ეს თუ არა, არ მაინტერესებს, გაბრაზდებით თუ არა, მაგრამ ჩვენს თამაშში ბევრად მეტი ხალისი უნდა იყოს. რაც მარტინესი მოვიდა, არ მინახავს, ნაკრებს დიდი თამაში ჩაეტარებინოს. რეალობა ასეთია. 50 ტაქტიკა სცადა და არცერთმა არ გაამართლა. აი, მტკიცებულებაც: გამოვვარდით იმ ნაკრებით, რომელზეც ყველა ამბობდა, რომ ყველა დროის საუკეთესო იყო... მაგრამ რაში იყო საუკეთესო? რა მოიგეს? სახლში იმედგაცრუებულები და თავჩაქინდრულები მივდივართ? აჯობებს, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მეტი არაფერი ვთქვა, თორემ ისეთი რაღაცების თქმას დავიწყებ, რასაც მერე ვინანებ.“
რიკარდუ კუარეჟმა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჭიროა მოვიდეს მწვრთნელი, ვისაც ეს საქმე ესმის.
„მწვრთნელის მიმართ უპატივცემულობა არავინ უნდა გამოიჩინოს, მაგრამ უნდა არსებობდეს პიროვნულობა და ხასიათი. ხშირად მიზარალია, რადგან ვაკეთებდი იმას, რაც თავში მომდიოდა და რასაც თამაში ითხოვდა. რა თქმა უნდა, იყვნენ მწვრთნელები, რომლებსაც ეს არ მოსწონდათ და მოედნიდან გავყავდი. ეს ნორმალურია, ეს მათი არჩევანია, ისინი წყვეტენ. მაგრამ მე იმას ვაკეთებდი, რასაც თამაში ითხოვდა. ამ ფეხბურთელებს კი აქვთ საკმარისი მორალური უფლება, გააკეთონ ის, რასაც თამაში ითხოვს, რადგან მათ არავინ შეეხება. არავინ არაფერს ეტყვის, თუ შეცდომას დაუშვებენ, ჰოდა, რატომ არ იღებენ მეტ პასუხისმგებლობას? რისი ეშინიათ? ნაკრები უნდა დაჯდეს, გააანალიზოს რა არის კარგი და რა – ცუდი, და უნდა მოვიდეს მწვრთნელი, ვისაც ეს საქმე ესმის.“
LiveModeTV-ის ეთერში საუბრისას, რუბენ დიაშის თანდასწრებით, კუარეჟმამ საუბარი განაგრძო:
„რენატუ ვეიგამ მაგარი თამაში ჩაატარა? რაში, დაცვაში? იმიტომ რომ, როცა შეტევის წამოწყება უნდოდა, მარტო სისულელეებს აკეთებდა... დიდი პრობლემა აქ ის არის, რომ, ცხადია, გყავს მწვრთნელი, მაგრამ მოედანზე შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა და თავად იყო მწვრთნელი. მწვრთნელი შეიძლება მთელი კვირა გავარჯიშებდეს მარცხენა ფლანგზე, მაგრამ თამაშმა მარჯვნივ გადასვლა მოითხოვოს და რას იზამ? მწვრთნელს შეხედავ და დაელოდები, სანამ არ გეტყვის: 'არა, მარჯვნივ წადი'? ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, რომლებიც ძალიან მაღალ საფეხურზე დგანან, მსოფლიოში საუკეთესოებად მიიჩნევიან. არ შეიძლება მწვრთნელს ვუყურებდე და ველოდებოდე, როდის მომცემს მითითებებს, სად წავიდე და სად არა. აქ არის რაღაცები, რაც არ მესმის. ჩვენი ნახევარდაცვა... დიდი ფეხბურთელები, დიდი ნიჭი, მაგრამ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სუსტები იყვნენ. ძალიან, ძალიან სუსტი ნახევარდაცვა. სუსტი თავდასხმა, დაკარგული დაცვა... მხოლოდ მარტინესს ვერ დავადანაშაულებ, რადგან ფეხბურთელებმაც არ გაიღეს ის, რაც უნდა გაეღოთ.“
რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრებს აღარ გაწვრთნის (იხილეთ).