„ბრაზილიელი რომ ყოფილიყო, გაანადგურებდნენ“ - ლუშემბურგომ კრახი შეაფასა
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ხელმძღვანელებმა კარლო ანჩელოტის კონტრაქტი 2030 წლამდე ჯერ კიდევ წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაუხანგრძლივეს, რის გამოც მიუხედავად სელესაოს მორიგი სამუნდიალო კრახისა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლიტოს განთავისუფლება არცკი განიხილება. საქმისადმი ასეთ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმება ცნობილი ბრაზილიელი მწვრთნელი ვანდერლეი ლუშემბურგო, რომელმაც როგორც ანჩელოტი, ასევე თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის შეფები მკაცრად გააკრიტიკა.
ვანდერლეი ლუშემბურგო
ანჩელოტიმ სერიოზული შეცდომები დაუშვა. ის შეცდა როგორც შემადგენლობის შერჩევის, ასევე უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას გაკეთებული ტაქტიკური გადაადგილებისას, რის გამოც მეექვსედ მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი ხელიდან კიდევ ერთხელ გავუშვით. პრობლემა კიდევ ერთ რამეში მდგომარეობს - კარლო რომ ბრაზილიელი ყოფილიყო, მას პრესა გაანადგურებდა, გაკეთდებოდა სპეციალური გადაცემები, სადაც მის პროექტს ჩავარდნილად გამოაცხადებდნენ. თუმცა, ის ხომ უცხოელია და უცხოელს რატომღაც მუდამ ამართლებენ და როდესაც სელესაოს ბრაზილიელი არ ხელმძღვანელობს, ბევრ რამეზე თვალებს ხუჭავენ.
ყველას მოგიწოდებთ, მორჩეს ეს უსამართლობა და ყველა უცხოელი ყველა ბრაზილიელზე მაღალი დონის მწვრთნელი ნუ გგონიათ. ბრაზილიურ ფეხბურთს წარმატებას მხოლოდ ბრაზილიელები მოუტანენ და სანამ საკუთარი კადრების პროფესიონალიზმს არ დავიჯერებთ, არაფერი გვეშველება.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე მუნდიალის მერვედფინალში კარლო ანჩელოტი მომზადებული ბრაზილიის ნაკრები ნორვეგიელებთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შედეგად ეს პლანეტის პირველი პირველობაა 1990 წლის შემდეგ, რომლის მეოთხედფინალური ეტაპიც სელესაოს გარეშე ჩაივლის.