ბრაზილიელი ფორვარდი დინამო ბათუმში | აჭარული გუნდი ძლიერდება
დინამო ბათუმის შემადგენლობაში 32 წლის ბრაზილიელი ფორვარდი მაურიდესი ითამაშებს. პოლონური GOAL-ის ინფორმაციით, მაურიდესს პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის კლუბიც იწვევდა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი ქართულ კლუბზე შეაჩერა.
მას ბრაზილიის სერია A-სა და ბუნდესლიგა 2-ში უთამაშია, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები პორტუგალიის უმაღლეს ლიგასა და პოლონეთის ექსტრაკლასაში გაატარა.
პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში აროუკასა და ბელენენსეშის რიგებში საერთო ჯამში 77 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. პოლონეთში მხოლოდ რადომიაკ რადომში გამოდიოდა, ექსტრაკლასას 81 მატჩში მის აქტივში 17 გოლი და 10 საგოლე პასია.
2022-25 წლებში გერმანული ზანქტ-პაულის ფეხბურთელი იყო, თუმცა ამ გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა, რის გამოც ჯერ უნგრულ დებრეცენში გაანათხოვეს, შემდეგ კი რადომიაკ რადომში დაბრუნდა.
ვერ ვიტყვით, რომ გოლების გატანის რაოდენობა შთამბეჭდავია, თუმცა მისი გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ პროდუქტიული უნდა იყოს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, მაურიდესს რადომიაკ რადომთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებდა, თუმცა შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და დინამო ბათუმმა გამოისყიდა.