მამაცი და საუკეთესო ხარ | ზლატანის მხარდაჭერა 18 წლის ლუკას ჰერინგტონს
მუნდიალის 1/16-ფინალში ავსტრალია ეგვიპტესთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა. ავსტრალიელთაგან ბოლო, მეოთხე პენალტი 18 წლის ლუკას ჰერინგტონმა ვერ გამოიყენა, ბურთი კარის ზედა ძელს გაარტყა, რის შემდეგაც ეგვიპტელმა ჰოსამ აბდელმაგიდმა გაიტანა და გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.
საფეხბურთო სამყარო ავსტრალიის ნაკრების ახალგაზრდა მცველს მხარში უდგას. მისდამი თანაგრძნობის უჩვეულო წყაროდ კი შვედი ლეგენდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოგვევლინა Fox-ის ეთერში საუბრისას, ზლატანმა18 წლის ავსტრალიელის სიმამაცეს ხაზი გაუსვა: „პენალტი ლატარიას ჰგავს, გაიტან და გმირი ხდები. ვერ გაიტან და, სამწუხაროდ, ნული ხარ, მაგრამ მინდა ჰერინგტონს მივმართო: შენ 18 წლის ხარ, ახალგაზრდა ხარ. ეს შენი კარიერის მხოლოდ დასაწყისია. ის, რომ იქ მიხვედი და დაარტყი, დიდ სიმამაცეს მოითხოვს. ამას ყველა ვერ იზამდა. ჩემო მეგობარო, შენ საუკეთესო ხარ. სხვებს არ მოუსმინო.“
ჰერინგტონს იბრაჰიმოვიჩის გზავნილის შესახებ მატჩის შემდეგ შეატყობინეს, როდესაც ავსტრალიური პრესის კითხვებს პასუხობდა. „ალბათ, მე ვარ პირველი, ვინც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვაკრიტიკებ და მკაცრად ვეპყრობი, ამიტომ თამაშის ლეგენდისგან ამის მოსმენა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მე უბრალოდ გავაგრძელებ მუხლჩაუხრელ შრომას და იმედი მაქვს, მსგავსი მომენტი კიდევ დამიდგება'' - აღნიშნა ჰერინტონმა.
ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტონი პოპოვიჩმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პენალტების სერიის გადამწყვეტ მომენტში ახალგაზრდა ფეხბურთელს დაეყრდნო: „გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება პოსტფაქტუმ ყოველთვის ადვილია. დარწმუნებული ვარ, სულ სხვა რამეს იტყოდით, ამ ახალგაზრდა ბიჭს რომ გაეტანა. ალბათ ახლა ისხდებოდით და იტყოდით, რა საოცრებაა, რომ 18 წლის ფეხბურთელმა პენალტი შეასრულა და გაიტანაო. მან ბოლო ორი თამაში 18 წლის ასაკში ითამაშა. ასე რომ, თუ მე მას ვენდობი ისეთ მატჩში, სადაც პარაგვაისთან შედეგი გვჭირდებოდა, და თამაშში, სადაც გავარდნა-არგავარდნის საკითხი იდგა, რა განსხვავებაა პენალტთან დაკავშირებით?“
ლუკას ჰერინგტონი მიმდინარე წლის დასაწყისში ბრისბან როარიდან MLS-ის კოლორადო რაპიდსში გადავიდა. 1.93 მ. სიმაღლის ცენტრალურმა მცველმა ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ორი შეხვედრა მუნდიალზე, პარაგვაისა და ეგვიპტის წინააღმდეგ, ორივე შეხვედრაში სასტარტო 11-ში იყო და ასაკის გათვალისწინებით უდიდესი გამოცდილება მიიღო.