კაბო-ვერდეს სასწაულამდე ცოტა დააკლდა - არგენტინამ დამატებით დროში მოიგო
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში არგენტინა ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენას, კაბო-ვერდეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 3:2 მოუგო.
ანგარიში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა 29-ე წუთზე გახსნეს: ლისანდრო მარტინესის ბრწყინვალე პასის შემდეგ ლიონელ მესიმ ახლო მანძილიდან ვოზინიას კარი აიღო და მუნდიალზე თავისი მეშვიდე გოლი გაიტანა.
პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. 59-ე წუთზე კი დეროი დუარტემ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითად დროში ვოზინიამ მესის დუბლის გაფორმების საშუალება არ მისცა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
დამატებითი დროის საწყის წუთებზე ლისანდრო მარტინესმა საგოლე პასს გოლიც მიამატა და ლიონელ სკალონის გუნდი დააწინაურა. 103-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა სიდნი ლოპეს კაბრალმა ულამაზესი დარტყმით წონასწორობა ისევ აღადგინა. 111-ე წუთზე კრისტიან რომეროს დარტყმის შემდეგ დინეი ბორჟესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - 3:2.
მერვედფინალში არგენტინა ეგვიპტეს შეხვდება. ეს მატჩი 7 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.