ზივზივაძის დუბლი | ჰაიდენჰაიმმა ამხანაგური შეხვედრა გამართა
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გერმანულმა კლუბმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და სამოყვარულო კლუბების — „ეგენროტის“, „ელვანგენის“, „პფალჰაიმის“, „რინდელბახ-ნოინჰაიმის“, „ელენბერგის“, „როჰლინგენის“, „ელგენცელისა“ და „შრეცჰაიმის“ ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდა.
მატჩს 2 000 მაყურებელი დაესწრო და „ჰაიდენჰაიმმა“ მეტოქე 11:0 გაანადგურა. გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ზივზივაძემაც შეიტანა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ბუდუმ მე-17 და მე-18 წუთებზე გამოიჩინა თავი და ანგარიში ჯერ 3:0, შემდეგ კი 4:0 გახადა.
„უკვე ერთი კვირაა, რაც ერთად ვართ. გუნდს ორი ინტენსიური სავარჯიშო დღე ჰქონდა, ასე რომ, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ დაიხარჯა დღეს თითოეული მათგანი მოედანზე — მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში, შეტევების დასკვნით ფაზაში მცირე ხარვეზები მაინც გვქონდა“, — განაცხადა მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა.
ცნობისთვის, „ჰაიდენჰაიმი“ მომდევნო შეხვედრას 4 ივლისს გამართავს. ზივზივაძის გუნდი ავსტრიულ „ალტახს“ დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება.