„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიქნები“ - ლევან ნონიკაშვილის ახალი კლუბი ცნობილია
31 წლის ქართველი ნახევარმცველი, ლევან ნონიკაშვილი „ზლატე მორავცედან“კარიერას სლოვაკურ „სკალიცაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია „სკალიცამ“ ოფიციალურად დადასტურა. ნონიკაშვილმა ახალ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.
„სკალიცას“ გვერდთან ჩაერილ მოკლე ინტერვიუში, ნონიკაშვილმა ისაუბრა, თუ რატომ აირჩია ახალი კლუბი.
ლევან ნონიკაშვილი:
„სკალიცას“ მიმართ ყოველთვის ძალიან კარგი განწყობა მქონდა. როდესაც მთავარ მწვრთნელად რომან ჰუდეცი დაინიშნა, ვისაუბრეთ და ორივეს გვქონდა სურვილი, რომ კვლავ ერთად გვემუშავა. ამიტომაც აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება მარტივი მისაღები იყო.“
„ძალიან კარგად ვიცნობ სამუელ სულას, რადგან ერთად ვთამაშობდით ზლატე მორავცეში. სხვა არაერთ მოთამაშესა და სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრსაც ვიცნობდი, რადგან ზოგიერთ მათგანთან წარსულში უკვე მიმუშავია.“
„ყველაზე მეტად ათიანის პოზიციაზე თამაში მიყვარს, თუმცა მარცხენა ფლანგზეც შემიძლია ასპარეზობა. მომწონს კომბინაციური ფეხბურთი, ბურთის ფლობა და ვცდილობ ვიყო კრეატიული, რათა გუნდს დავეხმარო.“
„აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მომწონს სტადიონი, კლუბში გვაქვს კარგი სავარჯიშო პირობები და სავარჯიშო დარბაზი. თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.“
„პირველ რიგში, მინდა ვიყო ჯანმრთელად, დავეხმარო გუნდს გამარჯვებებში და მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს. მჯერა, რომ ნიკე ლიგის ზედა საფეხურებზე ყოფნას შევძლებთ.“
„მომზადების პროცესი ყოველთვის რთულია, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან კარგად ვმუშაობთ. სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ახალი სეზონისთვის მაქსიმალურად კარგად ვიყოთ მზად. ამ მომენტში მცირე ტკივილი ოდნავ მზღუდავს, ამიტომ სრული დატვირთვით ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ მჯერა, რომ მალე სრულად გამოვჯანმრთელდები.“
„სკალიცა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ბოლო, მე-10 ადგილზე გავიდა და მთავარ ლიგაში დასარჩენ ჯგუფში მოხვდა, რასაც თავი გაართვა და მომავალ სეზონში კვლავ სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.