რთული ბრძოლები მჭირდება და სატიტულო ჩხუბი | ჩოხელის ამბიციური განაცხადი
UFC-ში ლევან ჩოხელის დებიუტი შედგა. ქვესაშუალო წონის (77 კგ) დივიზიონში 29 წლის ქართველმა მებრძოლმა სომეხი ლეონ შაჰბაზიანი 22 წამში გათიშა, დიდებული ნოკაუტით გაიმარჯვა. ლევანმა შაჰბაზიანს ფეხში ორი მძიმე დარტყმა მიაყენა, კუთხეში მიამწყვდია და ძლიერი დარტყმების სერია დაუშინა. შაჰბაზიანმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, ძირს დაეცა და გაითიშა.
ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ლევანი პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- ახლა საქართველოში მივდივარ. მინდა ჩემი ხალხი ვნახო, რამდენიმე კვირა იქ დავრჩები. როცა დავბრუნდები, მინდა ძალიან აქტიური ვიყო. როგორც ვთქვი, ამ ბრძოლას ერთი წელი ველოდი. მე ისეთი მებრძოლი ვარ, ვისაც აქტიურობა უყვარს. საქართველოდან რომ დავბრუნდები, UFC-ს „მივაწვები,'' რომ ბრძოლა მომცენ.
- მთელ მსოფლიოში ძალიან გამოცდილ მებრძოლებთან ჩხუბის გამოცდილება გაქვს და Bellator-ში. შენი აზრით, რამდენად დაგეხმარა ეს იმაში, რომ დღეს გახვედი და ის გააკეთე, რაც ახლა ვნახეთ?
- ვფიქრობ, ამან უპირატესობა მომცა, რადგან იქ მონსტრებს, ყოფილ UFC-ის მებრძოლებს ვებრძოდი. ახლა 29 წლის ვარ, წარსულში ბევრი ბრძოლა ჩავატარე და ვფიქრობ, ახლა საუკეთესო ფორმაში შევდივარ. მეტი გამოცდილების მიღება აღარ მჭირდება. თითქმის 30 წლის ვარ. მე ბრძოლები მჭირდება. არ მჭირდება ჩხუბი ჩემი რეკორდის გასაუმჯობესებლად ან ასამაღლებლად. ახლა რთული ბრძოლები მჭირდება, რომ სატიტულო ჩხუბი რაც შეიძლება მალე მივიღო.
-შენ ახსენე, რომ საქართველოში მიდიხარ. როგორც ჩანს, დიდ სცენაზე სულ უფრო მეტი ქართველი მებრძოლი ჩნდება. რა სიტუაციაა ახლა იქ ამ მხრივ?
- საქართველოში საოცარი მებრძოლები გვყავს. ხომ ხედავთ ისეთ ქართველ მებრძოლებს, როგორებიც ილია ან მერაბი არიან, ორივე საოცარია. საქართველოში ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავს და ვფიქრობ, მალე UFC-ში კიდევ უფრო მეტი მებრძოლი გვეყოლება საქართველოდან. მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.
- ვნახე, მერაბს როგორ უხაროდა შენი გამარჯვება. უკვე მოასწარი მასთან საუბარი?
-არა, უბრალოდ ჩავეხუტე, ვაკოცე და პირდაპირ ექიმთან წავედი, მაგრამ ახლა, პრესკონფერენციას რომ მოვრჩები, აუცილებლად წავალ და ვნახავ.

- დღეს აღნიშნავ? როგორ აპირებ აღნიშვნას?
- დიახ. ახლა ვეგასში ბევრი ქართველია, ჩემი მეგობრები, 15-ზე მეტი. და დღეს ვეგასში ძალიან ვიხმაურებთ.
- ისეთი ხმაური იყო, თითქოს დღეს დარბაზში საკმაოდ ბევრი ქართველი იყო. დაგეხმარათ ეს ნერვიულობის მოხსნაში და მოგცათ თუ არა დამატებითი მოტივაცია ამდენი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლამ?
- ეს მოტივაციას მაძლევს, მაგრამ როცა გალიაში შევდივარ, ემოციები აღარ მაქვს. არაფერი მაინტერესებს. უბრალოდ მინდა მოვკლა ჩემი მეტოქე, ვატკინო ან დავაზიანო. მინდა დავრწმუნდე, რომ ჩემს ხელს აწევენ, მაგრამ ასეთი კარგი მეგობრების ყოლა, როგორც არენაზე დაინახეთ, ძალიან მაგარია.

- თქვენ ახსენეთ, რომ ამას დაახლოებით ერთი წელი ელოდით. აწარმოებდით მოლაპარაკებებს UFC-სთან ერთი წლის განმავლობაში, რომ აქ მოხვედრილიყავით? იყო საუბარი პრეტენდენტთა სერიებში (Contender Series) წინასწარ ჩართვაზე თუ ეგრევე ეს ვარიანტი გამოჩნდა?
- დიახ. გასულ წელს ბოლოს რომ ვიჩხუბე, UFC-ს ველაპარაკე და შონ შელბიმ მითხრა, რომ მზად ვყოფილიყავი. მან მითხრა, რომ მოკლე შეტყობინებით მომცემდა ბრძოლას. ჩემს დროს ველოდი, ამან დიდი დრო წაიღო, მაგრამ შესაფერის დროს უნდა დაელოდო. მადლობა ღმერთს, ეს დღეს მოხდა და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ.
- ამ გამოსვლით თქვენ ნამდვილად აჩვენეთ ბევრ ადამიანს, თუ როგორ ჩხუბობთ. გაქვთ პარტერში ჭიდაობის უნარებიც, თუ თქვენი ყველა ბრძოლა ასე სწრაფად, დგომში დასრულდება?
- იცით, მე ქართველი ვარ. ჭიდაობა კარგად მეხერხება, მაგრამ მირჩევნია ფეხზე ვიდგე და მუშტები ვიქნიო, თუმცა მომავალში... ვფიქრობ, ქვესაშუალო წონა ყველაზე რთული დივიზიონია და იქ ბევრი კარგი ჯიუ-ჯიცუს ოსტატი და მოჭიდავეა. როცა მათ შევხვდები, დადგება დრო, გაჩვენოთ ჩემი ჭიდაობისა და ჯიუ-ჯიცუს უნარები, მაგრამ დღეს რაც გავაკეთე, ეს იყო გეგმა. მეტი არაფერი.
ჩოხელს პროფესიონალურ MMA-ში 18 ბრძოლიდან 15 გამარჯვება აქვს, რომელთაგან 12 ნოკაუტით მოიპოვა. 12 ნოკაუტიდან 8 პირველივე რაუნდში შეასრულა. UFC-მდე ის წარმატებით ასპარეზობდა Bellator-ში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანიზაციად მიიჩნევა. რაც შეეხება შაჰბაზიანს, მან 17 ბრძოლიდან 12 მოიგო და 5 წააგო.