„თქვენ ესპანელები არ ხართ“ - ლორენტემ მწვრთნელი დაიცვა
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია ესპანეთი - კაბო ვერდეს (0:0) შეხვედრაში დაფიქსირდა, სადაც ევროპის ჩემპიონებმა ტურნირის დებიუტანტების კარში ერთი ბურთის გატანაც ვერ მოახერხეს და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს. ჩაგდებული თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, „ფურია როხას“ მთავარ მწვრთნელს ლუის დე ლა ფუენტეს სამშობლოში უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა და დამრიგებლის დაცვა საკუთარ თავზე მარკოს ლორენტემ აიღო, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„უკვე კარგად ჩანან ადამიანები, რომლებიც კრიტიკით ჩვენს განადგურებას შეეცდებიან. არიან ისეთები, რომელთაც ჩვენი ბოლომდე სჯერათ და ისეთებიც, ფეხბურთში რომ კარგად ერკვევიან და მათი პროფესიული რჩევები უდავოდ დაგვეხმარება.
კრიტიკოსებზე ვიტყოდი, არ მესმის, როგორ შეიძლება არ დაუჭირო მხარი ნაკრებს, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს და ეს მიუხედავად იმისა, მოიგეს თუ არა მათ ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატი. ვინც დე ლა ფუენტეს ამ წუთებში არ ემხრობა, ის ესპანელი არ არის.
კარგად ვაცნობიერებთ, ჩვენს წინაშე რა ამოცანებია გადასაჭრელი. ვართ თვითკრიტიკულები, ვიცით რა შეცდომებიც დავუშვით და მის გამოსწორებაზე მშვიდად, აუღელვებლად ვიზრუნებთ. ვისაც ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, ეჭვები მალევე გაუქრება“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანელების მეტოქე საუდის არაბეთის ნაკრები იქნება და შეხვედრა კვირას, 21 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.