პირველი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში - სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
შვეიცარიის ქალაქ ნიონში რამდენიმე წუთის წინ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა დასრულდა და გაირკვა რომელი წყვილის გამარჯვებული იქნება თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“ და გორის „დილას“ მეტოქე იმ შემთხვევაში, თუ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლები პირველ ბარიერს გადალახავენ.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელებს ყველაზე მეტად გაუმართლათ და მეტოქედ სან მარინოს წარმომადგენელი „ვირტუსი“ ერგოთ, მომდევნო რაუნდში გასვლის შემთხვევაში განთესილი გუნდი კვიპროსის „აპოლონი“ ელოდებათ, რომელთანაც წარმატების მიღწევა იოლი საქმე არ იქნება. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის „დინამო“ ლუქსემბურგის „მონდორფის“ დამარცხების შემთხვევაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს „პეტროვაცსა“ და ლიეტუვის „ჟალგირისის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, სადაც ქართველი ფეხბურთელი საბა მამაცაშვილი ასპარეზობს. რაც შეეხება „ტორპედოს“, გიორგი პაპუნაშვილისა და დავით ვოლკოვის აზერბაიჯანის „ზირას“ ძლევის შემთხვევაში დირკ შუსტერის შეგირდები მომდევნო რაუნდში ლიეტუვის „ჰეგელმანსა“ და ესტონეთის „პაიდეს“ შორის საუკეთესოთან იასპარეზებენ.
აქვე გეტყვით, რომ უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 9 და 16 ივლისს გაიმართება, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები კი, 23 და 30 ივლისს არის ჩანიშნული.
ცნობისათვის, დღეს ასევე გაირკვა Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონის სავარაუდო მეტოქეც - ესტონეთის „ფლორასთან“ წარმატებას თუ მიაღწევს, „იბერია“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იაია ტურეს მომზადებულ ბრატისლავის „სლოვანს“ შეხვდება.