„მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთებიც ხდება. ვიცით, სადაც უნდა მოვუმატოთ“ - რობერტო მარტინესი
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მატჩის შემდეგ განვლილი შეხვედრა შეაფასა.
რობერტო მარტინესი:
„მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ. გატანილმა გოლმა ჩვენი თამაში შეტევაში ოდნავ შეცვალა. უბრალოდ ბურთის დაჭერა დავიწყეთ და მოედნის ფინალურ მესამედში შესვლა შევწყვიტეთ. ამან კონგოს გადაჯგუფების საშუალება მისცა. შესვენებამდე გაშვებული გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან მივიღეთ. ვიცოდით, რომ ეს გუნდი სტანდარტულებზე კარგად თამაშობდა. ეს მატჩი იმის ნაწილია, რასაც მსოფლიო ჩემპიონატი წარმოადგენს. ახლა საჭიროა გავაანალიზოთ და შევაფასოთ, მაგრამ საქმისადმი გუნდის მიდგომა მომეწონა“.
„კონგოს გოლი ჩვენთვის ყველაზე რთულ მონაკვეთს დაემთხვა. თუმცა, კარგად ვრეაგირებდით, ფეხბურთელების დამოკიდებულება საოცარი იყო. თამაშის ხარისხი არ მოგვეწონა, მაგრამ მომეწონა განწყობა და ის, თუ როგორ იბრძოდნენ მოთამაშეები ბოლო წამამდე. ეს პროცესის ნაწილია, წინ კიდევ ორი მატჩი გვაქვს. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და ვიქნებით კიდეც. ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მარტივი მატჩები არ არსებობს. უნდა გავხდეთ უკეთესები და გავიზარდოთ. ეს მსოფლიო ჩემპიონატია. აქ ძალიან ბევრი ემოციაა. ეს არის პროცესი, რომელშიც ბევრი მიმართულებით უნდა გავიზარდოთ. ვთამაშობთ გუნდებთან, რომელთათვისაც ჩვენს წინააღმდეგ მატჩი ჩემპიონატზე მთავარია. კონგოს ნაკრებმა ბევრი ორთაბრძოლა მოიგო. ფეხბურთში ასეც ხდება. მატჩი არ წაგვიგია, გვაქვს ერთი ქულა და წინ კიდევ ორი თამაშია. ფეხბურთი შეცდომების თამაშია. მეტოქეს პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშის უდიდესი მოტივაცია ჰქონდა. ეს აქ ყოფნისა და ჯგუფური ეტაპის მატჩების ნაწილია. ფეხბურთელების განწყობა სამაგალითო იყო“.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. რობერტო მარტინესის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს, უზბეკეთის ნაკრებთან გამართავს.