ზედიზედ მეორე მარცხი - ტორპედომ დერბი წააგო
Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დღეს მე-17 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ერთი სენსაციაც დაფიქსირდა - წყალტუბოში „ტორპედო“ ადგილობრივ „სამგურალთან“ იმერეთის დერბიში 1:2 დამარცხდა. 31-ე წუთზე ანგარიში ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა კლაუდიო სებოლინიამ გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე ახალგაზრდა მათე შათირიშვილმა „სამგურალის“ რიგებში სადებიუტო ბურთი გაიტანა. დაკარგული იმედი ქუთაისელებს 78-ე წუთზე კომნენ ანდრიჩმა თითქოს დაუბრუნა, თუმცა ზუსტად ხუთ წუთში თანაგუნდელები სორი მანემ დააღალატა, სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და წყალტუბოელებმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე პრობლემების გარეშე მიიყვანეს.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ სტადიონზე „რუსთავმა“ – „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გია ცეცაძის შეგირდებმა სატურნირო ცხრილის აუტსაიდერი „მეშახტე“ მიიღეს და 1:0 გაიმარჯვეს. ერთადერთი ბურთი 11-მეტრიანი დარტყმით გუნდის კაპიტანმა ავთანდილ გუჯაბიძემ გაიტანა, პენალტის დანიშვნა კი იუტა ნაკანოს აქტიურობას მოჰყვა.
ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-17 ტური ხვალ „გაგრა“ – „დინამო თბილისის“ მატჩით დასრულდება, რომელიც „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.