იბერიამ ქულები დაკარგა - ბათუმმა დილას 10 კაცით მოუგო
Crystalbet ეროვნულ ლიგაში სტარტი აიღო მე-17 ტურმა. სათამაშო დღის პირველ მატჩში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „იბერია 1999“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „სპაერს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში მე-19 წუთზე „იბერია 1999“-მა გახსნა. „სპაერის“ კარში დანიშნული პენალტი ზუსტად ანდრია ბართიშვილმა შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. „სპაერმა“ წონასწორობა 59-ე წუთზე, ზურაბ გოლუბიანის ზუსტი დარტყმით აღადგინა, რაც საბოლოო გოლიც აღმოჩნდა.
მომდევნო ტურში „იბერია“ „რუსთავს“ უმასპინძლებს, „სპაერი“ კი გორის „დილას“ ესტუმრება.
დღის მეორე მატჩში ბათუმის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინლა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
შეხვედრის დებიუტში, ორწუთიან მონაკვეთში ბათუმელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს და კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს. მე-9 წუთზე „დინამო“ ნიკა კალანდარიშვილმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა, მე-11 წუთზე კი დმიტრი მანდრიჩენკომ სხვაობა ორამდე გაზარდა. 36 წუთზე „დილამ“ აბდულმალიკ ოლატუნჯის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
მეორე ნახევარში, 56-ე წუთიდან ბათუმელები 10 კაცით თამაშობდნენ. მთავარმა მსაჯმა „დინამოს“ მეკარე, ლაზარე კუპატაძე მოედნიდან გააძევა. „დილამ“ რიცხობრივი უპირატესობა 84-ე წუთზე გამოიყენა და ბლანკსონ ანოფის შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, საპასუხო შეტევაში გორელები საკუთარ საჯარიმოში დაჯარიმდნენ და მსაჯმა ბათუმელთა სასარგებლოდ მეორე თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად კვლავ კალანდარიშვილმა შეასრულა და საბოლოოდ, თავის გუნდს გამარჯვებაც მოუტანა.
მე-18 ტურში ბათუმის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრება, „დილა“ კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „სპაერს“ მიიღებს. მე-18 ტური 16-18 ივნისს გაიმართება.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, ამ თამაშების შემდეგ როგორც „იბერიასთვის“, ისე „დინამოსთვის“ არაფერი შეცვლილა და კვლავ ტურის წინანდელ პოზიციებს ინარჩუნებენ. „იბერია“ 31 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ტორპედოს“ 5 ქულით უსწრებს, ბათუმის „დინამო“ კი 24 ქულით მე-5 საფეხურზე იმყოფება.