კიდევ ერთი ქართველი UFC-ში | ლევან ჩოხელის მეტოქე ცნობილია
UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გვეყოლება. ლევან ჩოხელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში იჩხუბებს.
„მინდა ყველას ოფიციალურად გაცნობოთ — ჩემი გზა UFC-ში იწყება. დიდი ხნის ლოდინის, შრომის, მზადების და მოთმინების შემდეგ, როგორც იქნა, მივიღე შესაძლებლობა, რომლისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდი.
UFC-ში დებიუტი 20 ივნისს, ლას ვეგასში, UFC APEX-ზე შედგება. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს — საქართველოში, ამერიკაში და ყველგან, ვინც ამ ამბავს ჩემთან ერთად ელოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდში მედგა.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს ყველა მწვრთნელს, სპარინგ პარტნიორებს და თანაგუნდელებს, რომლებთანაც ერთადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი. ასევე დიდი მადლობა გუნდს „ვეფხისტყაოსანი“, ბექა ელიბაშვილს და მთელ გუნდს, სადაც გავიზარდე როგორც მებრძოლი და როგორც ადამიანი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა დროა ყველაფერი ოქტაგონში დავამტკიცო.“
ავტორიტეტული გამოცემების ინფორმაციით, ჩოხელის მეტოქე ლეონ შაჰბაზიანი იქნება და მათი ორთაბრძოლა ქვესაშუალო წონით დივიზიონსი გაიმართება. შაჰბაზიანს კარიერაში 16-ჯერ უჩხუბია და 12-ჯერ გაიმარჯვა. მის ანგარიშზე ზედიზედ ოთხი გამარჯვებაა და UFC-ში ისიც პირველად ასპარეზობს.