მოედანს უბრუნდება - მერებაშვილი კრაკოვის ''ვისლასთან'' მატჩისთვის ემზადება
პოლონეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის, ექსტრაკლასას გათამაშების დასკვნითი ეტაპი იწყება, 16 გუნდი ორ ნაწილად გაიყო, საუკეთესო რვა გუნდს შორის გიორგი მერებაშვილის პლოცკის ''ვისლა'' მოხვდა, რომელიც პირველი ტურის შეხვედრას 16 აპრილს კრაკოვის ''ვისლასთან'' ჩაატარებს.
პლოცკის ''ვისლას'' ქართველმა შემტევმა გიორგი მერებაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა როგორც მოთამაშემ crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, შესაძლოა 16 აპრილს გასამართი შეხვედრა გამოტოვოს, რადგან ფეხზე კვლავ გრძნობს ტკივილს.
31 წლის ქართველმა შემტევმა ტრავმის გამო გასულ ტურში ''იაგიელონიასთან'' ვერ ითამაშა, პლოცკის ''ვისლამ'' სტუმრად ქართველის გარეშე 3:1 დაამარცხა ''იაგიელონია.''

პოლონეთის ჩემპიონატის საუკეთესო რვა გუნდს შორის ასევე მოხვდა ნიკა კაჭარავას ''კორონა.'' ამ ეტაპზე 8 გუნდს შორის ''კორონა'' 45 ქულით მე-6 ადგილზეა, რომელსაც პლოცკის ''ვისლა'' ერთი ქულითა და ერთი საფეხურით ჩამორჩება. კაჭარავას გუნდი 13 აპრილს გათამაშების ლიდერ ''ლეხს'' სტუმრად პოზნანში შეხვდება.

პოლონეთის რანგით მეორე ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატში ''პოდბესკიძემ'' 23-ე ტურის მატჩი გამართა, საკუთარ კედლებში ''ტიხისთან'' ფრედ 1:1 ითამაშა. ''პოდბესკიძეს'' სასტარტო შემადგენლობაში გუგა ფალავანდიშვილი მოხვდა, მან შეუცვლელად ითამაშა. 24 წლის ქართველი ნახევარმცველი იანვარში შეუერთდა პოლონურ გუნდს, ''პოდბესკიძესთვის'' მე-6 შეხვედრა ჩაატარა, ყველა შემთხვევაში სასტარტოში მოხვდა და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს.

პოლონეთის რანგით მეორე ლიგის 18-გუნდიან ჩემპიონატში ''პოდბესკიძე'' 34 ქულით მე-10 ადგილზეა და მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანს, ფალავანდიშვილის გუნდს სეზონის დასრულებამდე 9 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი.

გამარჯვება ვარზიმში - ებრალიძის გუნდის შანსი გაიზარდა
ანანიძემ ბურთით ივარჯიშა - პირველად რომში, შემდეგ მოსკოვში