გამარჯვება ვარზიმში - ებრალიძის გუნდის შანსი გაიზარდა
Aa
Aa

გამარჯვება ვარზიმში - ებრალიძის გუნდის შანსი გაიზარდა

პორტუგალიის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის ავთო ებრალიძის ''ვიზეუ.'' სეგუნდა ლიგის 33-ე ტურში ''ვიზეუმ'' სტუმრად 1:0 დაამარცხა ''ვარზიმი.'' გამარჯვებულთა ქართველი შემტევი ავთო ებრალიძე სასტარტოში ვერ მოხვდა, რადგან მთავარმა მწვრთნელმა დაცვითი სტილის ფეხბურთით გადაწყვიტა თამაში. 69-ე წუთზე 26 წლის ქართველი შემტევი თამაშში ჩაერთო და შეტევებში აქტიურად მონაწილეობდა, ერთ ეპიზოდში კი გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მის დარტყმას ოდნავ დააკლდა სიზუსტე.

20-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში ''ვიზეუ'' 52 ქულით მეხუთე ადგილზეა, მეორეადგილოსან ''სანტა კლარას'' მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ელიტაში საუკეთესო ორი გუნდი აღზევდება, ებრალიძის გუნდის მიზანი სწორედ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლების მოპოვებაა. შემდეგ ტურში 15 აპრილს ''ვიზეუ'' შინ აუტსაიდერ ''უნიაო მადეირას'' უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში სეგუნდა ლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები