რამაზ სვანაძე
Aa
Aa

“წასაგები თამაში არ იყო“ - სვანაძე აშშ-სთან მარცხის შემდეგ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბლაგოევგრადში, ჰრისტო ბოტევის სახელობის სტადიონზე ამერიკის 20-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა. რამაზ სვანაძის გუნდი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და 0:1 წააგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა:

„ამ თაობისთვის პირველი ამხანაგური თამაში იყო. განსხვავებული შეკრება გვქონდა, რადგან 2 ამხანაგურ თამაშს ვთამაშობთ. ყველა ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ძირითადი ბირთვის არყოფნის გამო მათ შანსი ეძლევათ და მაქსიმალურად უნდა სცადონ გამოყენება.

ჩვენი მთავარი საზრუნავი, რა თქმა უნდა, სექტემბრის ძალიან რთული თამაშებია. ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ პერიოდს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. რაც შეეხება თამაშს, აშშ-ს ნაკრები განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდია. ვფიქრობ, მათ კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ წასაგები თამაში არ გვქონდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ განსხვავებით პირველი ტაიმისგან, ბოლო წუთები ძალიან გაგვიჭირდა.

ფიზიკურ მომზადებაში ძალიან დიდი სხვაობა იყო. ეს თვალნათლივ ჩანდა. სხვა მხრივ, ბევრი ახალი ფეხბურთელია, რომლებმაც შანსი მიიღეს. გავაანალიზებთ და ვეცდები, რომ შემდეგ მატჩში ყველას მივცე შანსი, რომ არ გამოგვეპაროს არცერთი ის ფეხბურთელი, რომელიც ამ ეტაპზე ნაკრებში ყოფნას იმსახურებს.

შინაარსიდან გამომდინარე, ეს თამაში წასაგები არ იყო. ვერ გამოვიყენეთ პენალტი და რამდენიმე კარგი მომენტი, თუმცა ეს ფეხბურთია. შევცდით რამდენიმე ეპიზოდში, მაგრამ ამხანაგური მატჩები იმისთვის არის, რომ შეცდომები გავაანალიზოთ. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველი ნაბიჯები აქვთ.“

ცნობისთვის, შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა. ჩაწოდების შემდეგ, ოუენ პრესთუსიმ ბრის ჯემისონს კარგი პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმა საკუთარი გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და აშშ-მა 1:0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდე ნაკრებს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელოდება. 9 ივნისს, რამაზ სვანაძის გუნდი მოლდოვას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები