„სექტემბერში მარტივი მატჩები არ გვექნება“ | ოთარ კიტეიშვილის კომენტარი
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ბაჰრეინთან ამხანაგურ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი იმყოფებოდა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყებამდე მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს და ამ კუთხით ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ასეთი იქნება ბაჰრეინთან თამაშიც, სადაც მოგება და კარგი თამაშის ჩვენება დაგვჭირდება, სექტემბრის მატჩებს კარგად მომზადებულები რომ შევხვდეთ.
სექტემბერში მარტივი თამაშები არ გვექნება, მაგრამ სანაკრებო დონეზე შედეგები რთულად მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ტურნირი ახალი ფორმატით ტარდება და ოთხი ტურის შემდეგ გვეცოდინება, რეალურად რის მიღწევას შევძლებთ. გიზი მამაგეიშვილი „შტურმში“ ახალი ჩარიცხულია და ამის მიუხედავად, გუნდს კარგად შეეწყო. ახლა როდესაც ადაპტაციის პერიოდი გაიარა, დარწმუნებული ვარ, შემდეგ სეზონს ბევრად უკეთესად ჩაატარებს“.
საქართველოსა და ბაჰრეინის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.