გამარჯვება სლოვანთან | გაგუა ათიანზე შთამბეჭდავ ფორმაშია
სლოვაკეთის Nike ლიგის მე-7 ტურში დუნაისკა სტრედამ მოქმედ ჩემპიონ ბრატისლავის სლოვანს 2:0 მოუგო.
მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი გაგუა იყო, რომელმაც პირველი გოლისას ძალიან კარგი გამამწვავებელი პასი გააკეთა, შეტევა შესანიშნავად განავითარა, მეორე გოლისას საგოლე პასი შეასრულა. ძალიან კარგ ფორმაშია და ეს სლოვანთანაც კარგად გამოჩნდა.
გაგუას თანაგუნდელი ცოტნე კაპანაძე სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.
მიმდინარე სეზონში გაგუამ სლოვაკეთის ჩემპიონატის 6 მატჩში (453 წუთი) 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. კონფერენს ლიგაზე 4 მატჩი ჩაატარა (268 წუთი), მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. საერთო ჯამში, 10 მატჩში 9 საგოლე მოქმედება აქვს, რაც საკმაოდ კარგი სტატისტიკაა.
გასული სეზონიდან მოყოლებული გაგუას პოზიცია შეუცვალეს, ცენტრფორვარდზე იშვიათად თამაშობს, მეტწილად „ათიანზეა'' და შეტევების განვითარებაში მონაწილეობს, საკვანძო პასებს ასრულებს და უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელი გახდა. ამ სეზონში თითქმის ყოველთვის „ათიანზეა''.
დუნაისკა სტრედამ 6 მატჩში 16 ქულა დააგროვა და პირველზეა. ამდენივე ქულაა ჟილინას ანგარიშზე, თუმცა შვიდ მატჩში. ლუკა ხორხელისა და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავა ექვს მატჩში მოპოვებული 13 ქულით მესამეა, სლოვანის ანგარიშზე 6 მატჩში 12 ქულაა.