„მსგავსი არაფერი მომხდარა“ - ჩუამენიმ ყველაფერი უარყო
გასული სეზონი მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ შავ ლაქად დარჩება, რადგან გარდა სერიოზული წარუმატებლობისა და უტიტულოდ დარჩენისა, კლუბში შიდა კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც ორელიან ჩუამენი და ფედერიკო ვალვერდე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაპირისპირებამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის თაობაზე ინფორმაციები ესპანურ პრესაში გავრცელდა და ორივე მოთამაშე ნახევარმილიონიანი ჯარიმითაც დაისაჯა, თუმცა სულ ახლახანს ჩუამენიმ მომხდარი კატეგორიულად უარყო.
ორელიან ჩუამენი
ვალვერდე? ვეცდები ყველაფერი კარგად ავხსნა. ფაქტია, რომ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, თუმცა პრესის წარმომადგენლებმა ყველაფერი გააზვიადეს. გასული დღეების განმავლობაში გულშემატკივრებს ათასნაირი სისულელის წაკითხვა და მოსმენა უწევდათ, თითქოს ჩხუბსა და ხელით შეხებას ჰქონდა ადგილი, რაც ნამდვილად არ მომხდარა. ჩემსა და ფედეს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს, რადგან საერთო მიზანი გვამოძრავებს, რასაც სამეფო კლუბისთვის ტიტულების მოგება ჰქვია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა აღნიშნა, რომ ვალვერდე-ჩუამენის ინციდენტი საბოლოოდ ამოწურულია, რის გამოც კლუბი არც ერთი მათგანის გაშვებას არ აპირებს.