„ოქროს ბურთის მოგების აშკარა პრეტენდენტია“ - Marca ხვიჩას შესახებ
გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას ეხმაურება და სპეციალურ სტატიაში აღნიშნავს, რომ ქართველმა შემტევმა მეტსახელი - „კვარადონა“ გაამართლა და ამასთან, ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტია.
რა წერია სტატიაში:
ჩემპიონთა ლიგა დასრულდა და ლუის ენრიკეს „პსჟ“-მ ტიტული წარმატებით დაიცვა. შესაბამისად, ახლა დროა, უეფამ მიმდინარე გათამაშების ჯილდოების გაცემა დაიწყოს.
ტურნირის MVP-ის ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, რომელმაც ამ სტატუსით თავისი თანაგუნდელი, უსმან დემბელე შეცვალა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მომავალი „ოქროს ბურთის“ მოგების აშკარა პრეტენდენტია... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. „თუნდაც გოლი ვერ გავიტანო ან საგოლე პასი ვერ გავაკეთო, არ ვდარდობ, სანამ გუნდს ვეხმარები. მე ყოველთვის გუნდისთვის ვთამაშობ,“ — აღიარა მან ფინალის შემდეგ.
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი ზედმეტსახელი — „კვარადონა“ — სრულად გაამართლა და მიმდინარე გათამაშებაში, ჰარი კეინსა და კილიან მბაპესთან ერთად, ყველაზე მეტი (ჯამში 16) გოლი შექმნა. ფინალში მან ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა, როდესაც მეორე ტაიმის შუა ნაწილში კრისტიან მოსკერასთან ბრძოლაში პენალტი მოიპოვა, რომელიც უსმან დემბელემ დავიდ რაიას კარში ზუსტად შეასრულა. სწორედ ამან გადაიყვანა მატჩი დამატებით დროში, შემდგომ კი პენალტების სერიაში.
ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ ხვიჩა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა და ამჟამად, ორივეს 10-10 გოლი აქვთ გატანილი. საგოლე მოქმედებების რაოდენობის მიხედვით კი ქართველზე უკეთესი შედეგი პსჟ-ს არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.