იამალი: “ისეთი განცდა მაქვს, თითქოს უკვე 10 წელია პროფესიონალურ ფეხბურთს ვთამაშობ“
მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლამინ იამალი გამოცემა MARCA-ს სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა.
მუნდიალი:
„ეს მომენტი საბოლოოდ დადგა. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყველა სწორედ ამ დღეს ველოდებოდით. ძალიან მოტივირებულები ვართ. მსოფლიო ჩემპიონატს ვხვდებით, როგორც ის ნაკრები, რომელიც ვართ — ევროპის ჩემპიონები. ჩვენი მიზანი კი მხოლოდ ერთია — ბოლომდე ვიბრძოლოთ და ყველაფერი მოვიგოთ.“
„ბარსელონაში“ მიღებულ ტრავმაზე:
„დიახ, კარგად მახსოვს ის ეპიზოდი, როცა ტრავმა მივიღე. შინაგანად ვლოცულობდი, რომ სერიოზული არაფერი ყოფილიყო. მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან ახლოს იყო და ვიცოდი, რომ საქმე კუნთის ტრავმას ეხებოდა, ისეთი დაზიანებას, რომელიც ადრე არასდროს მქონია. მეშინოდა, რომ სერიოზული აღმოჩნდებოდა, ან თუნდაც სრულად არ მოვრჩენილიყავი და ტრავმა განმეორებულიყო, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწევდა.“
დაღლილობაზე:
„სიმართლე რომ ვთქვა, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყველაფერს ცვლის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი სეზონის განმავლობაში არც ერთი მატჩი არ მითამაშია. იმდენად დიდი მოტივაცია მაქვს, რომ მოუთმენლად ველოდები ჩემს დებიუტს.“
სიმწიფეზე:
„ჩემს თავში ისეთი განცდა მაქვს, თითქოს უკვე 10 წელია პროფესიონალურ ფეხბურთს ვთამაშობ, მაგრამ რეალურად მხოლოდ სამი წელია, რაც ამ დონეზე ვარ. ოთხი წლის წინ კი ამ ბიჭებთან ერთად სპორტულ ცენტრში ვთამაშობდი. ამიტომ ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ შენთან ერთად ვარჯიშობდა, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, მართლაც რაღაც გიჟური და დაუჯერებელია.“
ზეწოლაზე:
„შეიძლება ვინმესთვის ეს რთული იყოს, მაგრამ პირადად მე ასეთ გარემოში ყოფნა უფრო მომწონს. საბოლოოდ, როცა შენ მიმართ მოლოდინები და მოთხოვნები უფრო მაღალია, შენც საკუთარ დონეს მაღლა წევ. ჩემი თავისგან იმავეს რომ მოვითხოვდე, რასაც სხვა ფეხბურთელები ითხოვენ, შესაძლოა იმ დონეზე საერთოდ არ ვთამაშობდე, სადაც ახლა ვარ. ამიტომ ამას გამოწვევად აღვიქვამ და ნამდვილად მსიამოვნებს.“
გულშემატკივრებზე:
„ალბათ ყველაზე მეტად სწორედ მათთან შემიძლია საკუთარი თავის გაიგივება. როცა პატარა ბავშვს ვხედავ, კარგად მესმის, რა ხდება მის თავში — ის საკუთარ კუმირს უყურებს და სხვა არაფერზე ფიქრობს.
არ აქვს მნიშვნელობა, ცუდი დღე მაქვს თუ არა. ასეთ მომენტებში უნდა გაჩერდე და ფოტო გადაიღო, რადგან მეც ბავშვობაში ასე ვიყავი. ჩემი კუმირი ნეიმარი იყო და მასთან ფოტოს გადასაღებად ყველაფერს გავაკეთებდი.
რომ ეთქვათ, რუსეთში მატარებლით წასვლა მოგიწევს, ოღონდ ნეიმართან ფოტო გადაიღოო, დაუფიქრებლად წავიდოდი.
სწორედ ამიტომ ვგრძნობ მათთან განსაკუთრებულ კავშირს, რადგან ვიცი, რომ იმ ბავშვებს მხოლოდ ერთი რამ უნდათ — იყვნენ თავიანთ კუმირთან, დაემსგავსონ მას და მასთან ერთად ფოტო ჰქონდეთ.“
მეტოქეებზე და ესპანეთის შანსებზე:
„საბოლოოდ, ძალიან ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ გვიწევს თამაში. მაგალითად, თუ საფრანგეთს ვეთამაშებით, შეიძლება მე ძალიან მნიშვნელოვანი ვიყო, მაგრამ თუ გუნდი კარგად არ თამაშობს, შანსი არ გვექნება.
სწორედ ამიტომ მივდივარ მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი დიდი იმედით, რადგან ვიცი, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავს — ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ოდესმე გვყოლია.
დავიწყოთ როდრით, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. შემდეგ არის ოიარსაბალი, რომელიც, ჩემი აზრით, უმაღლესი კლასის თავდამსხმელია და მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იქნება. მე ის უბრალოდ ფანტასტიკურ ფეხბურთელად მიმაჩნია.
გვყავს პედრიც, რომლის თამაშის ყურებაც ძალიან მიყვარს. თუ თითოეულ პოზიციას გადავხედავთ, კუკურელიადან დაწყებული — ევროპის ჩემპიონატზე ის სრულიად სხვა ფეხბურთელი იყო.
ყველა ხაზში მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს, ხოლო მეკარის პოზიციაზე, ჩემი აზრით, მსოფლიოს სამი საუკეთესო მეკარე გვყავს.
ამიტომ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ — იმიტომ არა, რომ ამპარტავნები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ნამდვილად ძლიერი გუნდი გვყავს.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კაპო ვერდეს, საუდის არაბეთის და ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს. პირველი მატჩი კაპო ვერდესთან 15 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.