ბერნარდუ სილვა, ხულიან ალვარესი, ენტონი გორდონი, დეკუ
Aa
Aa

დეკუს მასტერკლასი - ბარსას ხმაურიანი დაბრუნება დაიწყო

„ბარსელონა“ 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სავარაუდოდ, ბაზარზე მთავარი მოთამაშე იქნება. რამდენიმე დღის წინ, მადრიდული Marca წერდა, რომ „ბლაუგრანა“ ფეარ პლეის 1:1 წესის დაფიქსირებასთან ძალიან ახლოს იყო, რაც მათ სატრანსფერო გეგმებში სრულ თავისუფლებას მისცემდა.

როგორც ჩანს, ყველაფერი ასე ხდება და კატალონიელებმა ხმაურიანი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყეს. პირველი ენტონი გორდონის შეძენა იყო. ინგლისელი ფეხბურთელი „ბარსელონაში“ ტრანსფერის დასასრულებლად სამედიცინო შემოწმებას გადის.

ესპანურ კლუბს მისი გაფორმება 80 მილიონი ევრო (69.3 მლნ ფუნტი) და ბონუსები დაუჯდება. არის სხვა ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც „ბარსელონამ“ და „ნიუკასლმა“ ტრანსფერი 70 მლნ ფუნტად შეათანხმეს (ბონუსების გარეშე).

დღეს Mundo Deportivo-მ გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ მიდის გორდონი კლინიკაში „ბარსელონაში“ გადასვლამდე სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

„ბარსამ“ ხმაურიანი და მოულოდნელი ქმედებების დაწყებამდე ჯერ კარგი გეგმა დაისახა, რომელსაც ხორცს კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ასხამს. ერთი შეხედვით, თუ ყველაფერი ასე წარიმართა (ჯერჯერობით ასე მიდის), ეს იქნება ბრწყინვალე გეგმის დიდებული შესრულება.

დეკუს საჭადრაკო პარტია: N1 - ენტონი გორდონი

„ნიუკასლ იუნაიტედს“ ენტონი გორდონის შესაცვლელად ეზ აბდეს დამატება სურს, ხოლო „რეალ ბეტისი“ აბდეს შემცვლელად იან ვირგილის უმიზნებს. „ბარსელონა“ აბდეს სამომავლო გაყიდვიდან 20%-ს ფლობს, ხოლო ვირგილის ტრანსფერიდან - 40%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე გარიგება გორდონის ოპერაციის საერთო ღირებულების შემცირებას ირიბად დაეხმარება.

„ნიუკასლმა“ გორდონის შესაცვლელად აბდე ეზალზული ნომერ პირველ პრიორიტეტად აქცია. ამის ჯაჭვური რეაქცია კი პირდაპირ „ბარსელონას“ უბრუნდება.

„კაჭკაჭები“ მზად არიან „რეალ ბეტისთან“ მისი 60-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედონ. 24 წლის მაროკოელი ვინგერი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც მათ სურთ. მაგრამ აი ის ნაწილი, რომელსაც „კულეებმა“ (ბარსელონას გულშემატკივრებმა) ყურადღება უნდა მიაქციონ.

„ბარსელონა“ ეზალზულის შემდგომი გაყიდვიდან პროცენტს ფლობს. იმ მომენტში, როდესაც „ნიუკასლი“ 60 მილიონი ევროს გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, დაახლოებით 12 მილიონი ევრო პირდაპირ „ბარსელონას“ ანგარიშზე ჩაირიცხება.

დაფიქრდით იმაზე, თუ რა მოხდა მხოლოდ ერთი გარიგების ფარგლებში... გორდონი „ბარსელონაში“ მიდის. „ნიუკასლს“ შემცვლელი სჭირდება. „ნიუკასლი“ ააქტიურებს გამოსასყიდ პუნქტს იმ მოთამაშეზე, რომელიც „ბარსელონამ“ გაყიდა. „ბარსელონამ“ მიიღო 12 მილიონი ევრო, რომელსაც არც კი ელოდა. გორდონის შემცვლელის გაყიდვა აფინანსებს თავად გორდონის ტრანსფერს.

ეს იღბალი არ არის. ეს ლაპორტას და დეკუს მხრიდან ტრანსფერების ჭკვიანური მართვაა. ყოველ წასვლას ახლავს სპეციალური პუნქტი კონტრაქტში. თითოეულ პუნქტს თავისი ღირებულება აქვს. და ადრე თუ გვიან, ფული უკან ბრუნდება.

N2 - ხულიან ალვარესი

„ბარსელონა“ ხულიან ალვარესის თაობაზე პირველ შეთავაზებას ამზადებს.

როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, კატალონიური კლუბი „ატლეტიკოს“ თავდამსხმელში დაახლოებით 100 მილიონ ევროს შესთავაზებს. მადრიდელებს სურთ მიიღონ „მნიშვნელოვნად მეტი“, ვიდრე ის 120 მილიონი ევროა, რომელიც „ბარსელონამ“ 2019 წელს ანტუან გრიზმანში გადაიხადა.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ალვარესის მსურველ კლუბებს მოლაპარაკების დაწყება 100 მილიონი ევროდან მოუწევდათ. ამაზე ნაკლები არც კი განიხილებოდა. თავად არგენტინელმა ნათლად მიანიშნა, რომ „ბლაუგრანაში“ გადასვლა სურს. ეს მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ამ შეხვედრიდან „ბარსელონამ“ შეიტყო ის საწყისი პირობები, რომლებსაც „ატლეტიკო“ თავის ვარსკვლავთან გამოსამშვიდობებლად აყენებს. დასაწყისისთვის, მადრიდული კლუბი არგენტინელ თავდამსხმელში 150 მილიონ ევროს ითხოვს და იმის გათვალისწინებით, რომ ფერან ტორესს გარიგებაში ჩართვა არ სურს, ტრანსფერში ფეხბურთელების გაცვლა გამოირიცხა. სინამდვილეში, იმ შემთხვევისთვის, თუ „ატლეტიკოს“ რომელიმე ნახევარმცველის მოთხოვნის ცდუნება გაუჩნდება, „ბარსამ“ წითელი ხაზი გაავლო: გავი, პედრი, ოლმო, ბერნალი და ფერმინი ხელშეუხებლები არიან.

მას შემდეგ, რაც ორივე მხარის პოზიცია ცნობილია, „ბარსა“ „ატლეტიკოსთვის“ წარსადგენად შეთავაზებას ამზადებს, რომელიც კლუბის მიერ მოთხოვნილ 150 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დაფიქსირებული თანხა 100 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება, რასაც ბონუსები დაემატება, თუმცა ეს საერთო ჯამში არცერთ შემთხვევაში არ მიაღწევს იმ 150 მილიონ ევროს, რომელსაც „ატლეტიკო“ მიზნად ისახავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბებს შორის ვაჭრობა დაიწყო. ეს ტრანსფერი გორდონის მსგავსად მარტივად დახურვადი ვერ იქნება, თუმცა ალვარესსაც და „ბარსელონასაც“ ყველაფრის დასრულება მუნდიალის დაწყებამდე სურთ. „როხიბლანკო“ ინფორმირებულია, რომ ისინი ოფიციალურ შეთავაზებას ამ დღეებში მიიღებენ.

N3 - ბერნარდუ სილვა

ესპანელი ჟურნალისტი მიკელ ბლასკესი წერს, რომ ბერნარდუ სილვას ტრანსფერი „ბარსელონაში“ 90%-ით დასრულებულია.

ჟორჟე მენდეში და „ბარსელონას“ წარმომადგენლები მომავალ კვირაში შეხვედრას გეგმავენ, სადაც მოსალოდნელია, რომ განხილვის მთავარი თემა (თუმცა არა ერთადერთი) ბერნარდუ სილვას ტრანსფერი იქნება. ეს შესაძლოა იყოს შეხვედრა, სადაც ყველა საბოლოო დეტალი შეთანხმდება.

ბერნარდუ სილვა წელიწადში 4 მილიონ ევროს ითხოვს, რაც იმაზე ნაკლებია, რასაც „მანჩესტერ სიტიში“ გამოიმუშავებდა და მზადაა ხელფასი კიდევ უფრო შეიმციროს, რათა ეს ტრანსფერი შედგეს. 31 წლის პორტუგალიელი თავისუფალი აგენტია, რაც მის დამატებას უფრო ამარტივებს.

წყაროს ცნობით, ფლიკს ბერნარდუს ტრანსფერი სურს და კლუბი მზადაა ეს გარიგებაც მუნდიალის დაწყებამდე დახუროს.

ასევე აღსანიშნავია, რომ სილვას მიმართ ინტერესი „ატლეტიკოსაც“ აქვს, მათ გარკვეული ნაბიჯებიც გადადგეს, მაგრამ ბერნარდუს პრიორიტეტი ამჟამად „ბარსელონაა“.

გარიგება ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ ძალიან ახლოსაა, თუ ყველა მხარე უახლოეს დღეებში საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს.

რა ხდება რაშფორდზე?

თუ, ყველა ეს ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდა, მარკუს რაშფორდის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს კი არა, საერთოდაც შესაძლოა ინგლისელი არც გამოისყიდონ.

თუმცა, ამ ეტაპზე კლუბსაც და ფეხბურთელსაც თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი აქვს. ერთი რაც ამჟამად არის ცნობილი, არის ის, რომ - მარკუს რაშფორდის მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

როგორც ცნობილია, „ბარსელონა“ დაცვის გაძლიერებასაც გეგმავს და ჟოაო კანსელუს გამოსყიდვის შემდეგ, მინიმუმ 1 მცველს შეიძენენ. საუბარია ამპლუით ცენტრალურ მცველზე. ჯერჯერობით ამ მიმართულებით ხმაურიანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები