2009 წლის შემდეგ პირველად, კარიერაში მეორედ | ჯოკოვიჩი 19 წლის ფონსეკასთან დამარცხდა
როლან გაროსის მესამე წრეში 39 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი 19 წლის ჟოაო ფონსეკას დაუპირისპირდა. იანიკ სინერის შემდეგ დიდი სლემის ტურნირს „ნოლეც“ გამოეთიშა და ბრაზილიელ მეტოქესთან 5-სეტიან თამაშში დამარცხდა — 6:4, 6:4, 3:6, 5:7, 5:7.
სერბმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი მაღალ დონეზე ჩაატარა და 6:4 მოიგო. მეორე პარტიაში ნოვაკი საკუთარ მოწოდებაზე უშეცდომო იყო, ერთი ბრეიკი შეასრულა და იგივე ანგარიში დააფიქსირა — 6:4. მესამე სეტი ფონსეკას უპირატესობით დაიწყო, ბრაზილიელმა პარტია ზედიზედ სამი მოგებული გეიმით გახსნა და ჩამორჩენა ერთ სეტამდე შეამცირა — 6:3.
მეოთხე სეტის პირველ გეიმში „ნოლემ“ მეტოქეს ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა, თუმცა მეოთხე გეიმში ბრეიკპოინტი თავად გამოიყენა — 2:2. 5:5-ზე ჯოკოვიჩმა საკუთარი მოწოდება ვერ აიღო და საქმე მეხუთე სეტამდე მივიდა — 7:5. გადამწყვეტ პარტიაში ნოვაკი ბრეიკით იგებდა — 3:1, თუმცა ფონსეკამ ანგარიში გაათანაბრა, 5:5-ზე ბრეიკპოინტი გამოიყენა და საბოლოოდ, ჯოკოვიჩი ასპარეზობას გამოთიშა.
ცნობისთვის, სერბმა ჩოგბურთელმა როლან გარისის მესამე წრეში მეორედ წააგო. ბოლოს ასეთი რამ 2009 წელს მოხდა, როდესაც ნოვაკი მესამე წრეში ფილიპ კოლშრაიბერმა დაამარცხა. ჯოკოვიჩმა კარიერაში მეორედ წააგო მატჩი, რომელშიც სეტებში 2:0-ს იგებდა. აქამდე, მას მხოლოდ როლან გაროსზე, 2010 წელს, იურგენ მელცერთან ჰქონდა დათმობილი — 6:3, 6:2, 2:6, 6:7(3), 4:6.