ფიჯის შემდეგ ჩილეს მოუგეს | უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვება სამხრეთ აფრიკაში
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრა გამართეს. ქეიფთაუნის „სითი პარკზე“ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო და ჩილესთან 59:26 იმარჯვეს.
უმცროსი ბორჯღალოსნებმა პირველი ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და 45 ქულა მიითვალეს, მეტოქეს ქულა არ აუღია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მხრიდან ნიკოლოზ ღარიბაშვილი, ავთანდილ ზვიადაძე, ლუკა ნარსია (2), ლევან ეზიეშვილი, ირაკლი ყოლბაია, დემეტრე დევდარიანი და საბა ნატროშვილი გამოირჩნენ.
მეორე ნახევარში ლელოები ირაკლი აღნიაშვილმა და დემეტრე დევდარიანმა დადეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ ლელოები მატჩის ბოლოსკენ გაიფორმეს და მანამდე ჩილეს ზედიზედ 26 ქულა ჰქონდა აღებული.
ჩილემ, რომელსაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია, სერიის ფარგლებში პირველი შეხვედრა მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან გამართა და სარეკორდო სხვაობით, 0:97 დამარცხდა. უმცროსი ბორჯღალოსნების მომდევნო მეტოქე სამხრეთ აფრიკაა, რომელსაც 30 მაისს, თბილისის დროით, 16:30-ზე დავუპირისპირდებით.
ფოტო: Georgian Rugby