Aa
Aa

„რომა“ VS „ბარსელონა“ - წინასამატჩო მიმოხილვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი, მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. სტადიო ოლიმპიკოზე „რომა“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება, ბარსელონას გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. შეხვედრაში რომაელებმა ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანეს, რასაც კატალონიელებმა პიკესა და სუარესის გოლები მიამატეს. რომას მხრიდან ტერშტეგენის კარში ერთადერთი გოლი ედინ ჯეკომ გაიტანა. რომას შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 3 უპასუხო გოლის გატანა სჭირდება. თავის მხრივ „ბარსელონა“ „რომასთან“ 2002 წლის შემდეგ არ დამარცხებულა. ბოლო 5 შეხვედრაში კი 3 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი აქვს.

გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციები უკვე გამართეს. ერნესტო ვალვერდეს თქმით, მართალია პირველი შეხვედრის შემდეგ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა გუნდი არ ფიქრობს რომ წყვილში გამარჯვება უკვე მოიპოვა.

ერნესტო ვალვერდე - „არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ. მართალია პირველ შეხვედრაში საკმაოდ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ სულ ესაა... ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ თითქოს ანგარიში 0:0-ია, რადგან არასდროს იცი რა მოხდება. ჩვენ უბრალოდ მოედანზე უნდა გავიდეთ და გავიმარჯვოთ. მთავარი კითხვა ალბათ ისაა ვფიქრობთ თუ არა ნახევარფინალურ ეტაპზე. ჩვენ რომ ასე ვფიქრობდეთ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. „რომასთან“ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. ნახევარფინალამდე ჯერ ადრეა.“

გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ. მისი თქმით, „რომასთვის“ „ბარსასთან“ გასამართი საპასუხო შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რის შემდეგაც უკვე სერია ა-ში „ლაციოს“ წინააღმდეგ გასამართ დერბიზე გადაერთვებიან.

ეუსებიო დი ფრანჩესკო - „ამ მომენტისთვის „ბარსასთან“ გასამართი შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც ჩვენ რომაულ დერბიზე ვიფიქრებთ. ეს ის მატჩია, რომელშიც ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანის უნდა გვწამდეს და ფეხბურთი მთელი სიყვარულითა და ჟინით ვითამაშოთ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გერბსა და მაისურის ფერებს და ბოლომდე დავიხარჯოთ.“

„ამ თამაშში უნდა გამოჩნდეს, რომ ჩვენ ღირსეულები ვართ და ვიმსახურებთ შემდეგ ეტაპზე თამაშს. ჩვენ იქამდე მოვედით, სადაც არავინ წარმოგვიდგენდა, ასე რომ რატომაც არა?! მოდით ბოლომდე ვირწმუნოთ და გვჯეროდეს სასწაულის. ჩვენ სამი გოლით ჩამოვრჩებით, ასე რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ეს რთული იქნება, თუმცა მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა მეყოლება.“

„ეს არის გუნდი, რომელსაც არასდროს წაუგია და ჩვენ სწორედ დაუმარცხებელ კლუბზე ვსაუბრობთ. თუმცა ადრე თუ გვიან ისინი დამარცხდებიან და იმედი მაქვს რომ ეს ჩვენს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მოხდება. ჩვენ არმიის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელსაც მოედნის უჩვეულო ხედვა, ერთი ერთზე თამაშისას დიდებული ძალა და საფეხბურთო მენტალიტეტი აქვს.“

„რომასა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება სტადიო ოლიმპიკოზე დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. მატჩს ფრანგ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯი კი კლემენ ტურპენი იქნება.

სასწაული თუ ფორმალობა? - "რომა" მაინც იმედიანადაა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები