სერხიო ბუსკეტსი სამწვრთნელო საქმიანობას იწყებს
„ბარსელონას“ ყოფილ ნახევარმცველს, სერხიო ბუსკეტსს სამწვრთნელო კარიერის დაწყება სურს, იტყობინება Diario Sport.
ამ დღეებში 38 წლის ესპანელი „ბარსელონას“ საწვრთნელ ბაზას ეწვია, სადაც მოლაპარაკებები გამართა კლუბთან „ბარსა ატლეტიკის“ სამწვრთნელო შტაბში შესვლაზე, რომელსაც „ბლაუგრანას“ კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე, ჟულიანო ბელეტი უდგას სათავეში. „ბარსას“ სარეზერვო გუნდი ესპანეთის მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.
ბუსკეტსს განზრახული აქვს მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება სამწვრთნელო შტაბში მუშაობით, პარალელურად კი აიღოს ლიცენზია, სანამ თავად გახდება მთავარი მწვრთნელი.
აღინიშნება, რომ კლუბში ძალიან დადებითად ეკიდებიან იმ ფაქტს, რომ ბუსკეტსის მასშტაბის ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა და მას მომავლის პერსპექტიულ ფიგურად მიიჩნევენ. თუმცა ახლა თავად ბუსკეტსს სურს იმუშაოს ზედმეტი ყურადღების გარეშე და დააგროვოს გამოცდილება.
ბუსკეტსმა კარიერა გასული წლის დეკემბერში დაასრულა, მას შემდეგ, რაც „ინტერ მაიამისთან“ ერთად MLS-ის თასი მოიპოვა.