მოურინიო რეალის სამ ფეხბურთელს უკვე ელაპარაკა | რა მოთხოვნები აქვს სამეფო კლუბს
ესპანური გამოცემების მიხედვით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდება. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნება პორტუგალიელ სპეციალისტსაც სურს და ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ესპანელი ჟურნალისტის, მიგელ სერანოს ცნობით, მოურინიო „რეალის“ სამ ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა. „განსაკუთრებული“ ტიბო კურტუას, ვინისიუს ჟუნიორსა და კილიან მბაპეს გაესაუბრა.
სერანოს ცნობით, მოურინიო ვინისიუს ჟუნიორს ხედავს, როგორც „ჯარისკაცს მოედანზე“. პორტუგალიელმა სპეციალისტმა იცის, რომ ვინის გასახდელში ლიდერის როლი აქვს და თანაგუნდელებს ის ძალიან უყვართ.
ჟოზემ კლუბის ხელმძღვანელობასთანაც ილაპარაკა და მათთან მნიშვნელოვანი დეტალები განიხილა. ორივე მხარე დიალოგით კმაყოფილი დარჩა და მოურინიოს დანიშვნა დროის ამბავია. AS-ის მიხედვით, მხარეებმა იმსჯელეს, რომელი ფეხბურთელების შენარჩუნებაა საჭირო, რომელთა გაყიდვა სურთ, რა ინვესტიციის ჩადებაა აუცილებელი და რამხელა ძალაუფლება ექნება მოურინიოს.
გარდა ამისა, დაიწერა მოთხოვნებზე, რომლებიც კლუბს მის მიმართ აქვს: ლა ლიგის მოგება, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობა და მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა, გასახდელში ვითარების გამოსწორება.