„ჯადოქარი ბრწყინვალებას აგრძელებს“ | Footmercato-მ კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა. პარიზელებმა „ლანსი“ სტუმრად 2:0 დაამარცხეს და ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა. „კვარა“ საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და Footmercato-ს მისი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
ჯადოქარი ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალებას აგრძელებს
„პარი სენ-ჟერმენს პრობლემები შეექმნა, იყო მომენტები, როდესაც ლანსი დომინირებდა, მაგრამ პარიზელებს თამაშის შემოსაბრუნებლად ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი ტალანტის იმედი ყოველთვის ჰქონდათ. ლანსის წინააღმდეგ ქართველი ფეხბურთელი თავიდან მშვიდი ჩანდა, შემდეგ კი იდეალურ მომენტში ზუსტად დაარტყა.
პარი სენ-ჟერმენს შეტევების ორგანიზება უჭირდა და მეტოქის მხრიდან მუდმივი წნეხის ქვეშ იყო, კვარაცხელიამ კი, ჩვეული სიმშვიდით, მოწინააღმდეგე თითოეული შეცდომისთვის დასაჯა. პსჟ-ის პირველი რეალური მომენტისას კვარამ ბურთი იდეალურად გააკონტროლა და მშვიდად, უზუსტესად დაარტყა. მან შეტევა ცივსისხლიანივით დააგვირგვინა და მთელი სტადიონი დაადუმა, რაც კიდევ ერთი შეხსენება იყო იმისა, თუ რამდენად დაუნდობელი ეფექტურობით გამოირჩევა პარი სენ-ჟერმენი.
გატანილი გოლის გარდა, ქართველი ფეხბურთელი ბურთთან ყოველი შეხებისას საფრთხეს ქმნიდა. იმ მომენტებშიც, როდესაც პსჟ არცთუ ისე კარგად თამაშობდა, ხვიჩა თანაგუნდელებს გამოსავლად საკუთარ კანდიდატურას სთავაზობდა, თავისუფალ სივრცეებს ეძებდა და ლანსის მცველებს წნეხის ქვეშ ამყოფებდა.
როდესაც მეტოქის ზეწოლის გამო პარი სენ-ჟერმენს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა, მისი და დემბელეს ტანდემი გუნდს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა. მისი ცივსისხლიანი ფინიშინგი, ტექნიკური სიზუსტე და უნარი, რომ საკვანძო ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, დიდი მნიშვნელობის თამაშში გადამწყვეტი კიდევ ერთხელ გახდა. საღამოს, როდესაც პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონობა იზეიმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სიტყვა თქვა.
კვარამ დიდ მატჩში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა კვლავ წარმოაჩინა ცივსისხლიანობა და ტექნიკურობა, რამაც ის, სეზონის გადამწყვეტ მონაკვეთში, გუნდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ აქცია. რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ საოცარი სიზუსტე აჩვენა და, რაც მთავარია, გამოირჩა მაშინ, როდესაც მის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
მისი სტატისტიკა ბრწყინვალე გამოსვლას უკეთესად ასახავს: 30-დან 28 ზუსტი გადაცემა, მხოლოდ ერთი დაკარგული ბურთი 45 შეხებიდან და წინ გაკეთებული პასების საოცარი კონტროლი. ლივერპულის, ლიონის, ნანტის, ბაიერნისა და ახლა უკვე ლანსის წინააღმდეგ გატანილი გოლების შემდეგ აშკარაა, რომ მან ფორმის პიკს იდეალურ დროს მიაღწია. არსენალთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის წინ მისი აღმასვლა ლუის ენრიკესთვის, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო სიახლეა. დღეს კვარაცხელია ასხივებს იმ იშვიათ უნარს, რომლის წყალობითაც ნებისმიერი მატჩის ბედის შეცვლა ერთი მოძრაობით შეუძლია“, — წერს Footmercato.
ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში პარიზულ დერბის ვიხილავთ: „პარი სენ-ჟერმენი“ „პარიზს“ დაუპირისპირდება.