„ლეგენდა, ლიდერი, მაგალითი“ - სლოვანი კაშიას ემშვიდობება
ლეგენდა, ლიდერი, მაგალითი - ბრატისლავის „სლოვანი“ გურამ კაშიას ემშვიდობება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, „სლოვანში“ კაშიას 5-წლიანი კარიერა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ის წვლილი, რომელიც გურამმა სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წარმატებებში შეიტანა, ფასდაუდებელია.
„თითქმის 200 მატჩი ძირითადში, 5 ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაცია, კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასვლა და სლოვაკეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში 3 მოხვედრა. გარდა ამისა, გურამი შესანიშნავი პროფესიონალი და სამაგალითო კაპიტანი და ლიდერია“, - წერს „სლოვანის“ ვებგვერდი.
„პირველ რიგში კაშია დიდ მადლობას იმსახურებს. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა „სლოვანისთვის“ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. გურამი პროფესიონალიზმის სიმბოლოა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ის 5 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ნაწილი იყო. სამწუხაროა, რომ შაბათს ეს ისტორია დასრულდება. გურამმა იგრძნო, რომ წასვლის დრო დადგა. მას ყოველთვის სიხარულით შევხვდებით, ჩვენი კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება. კაშია „სლოვანის“ თანამედროვე ისტორიის ნაწილია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით“, - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკმა.
ბრატისლავური კლუბის ვებგვერდმა გურამ კაშიას კომენტარიც გამოაქვეყნა:
„ეს ფანტანტიკური თავგადასავალი იყო. როცა აქ ჩამოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ზედიზედ ხუთჯერ გავხდებოდი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი. გასული 5 წელი ჩემთვის წარმატებებთან და გამარჯვებებთან ასოცირდება. „სლოვანში“ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო და ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. კლუბი ბოლო 5 წელიწადში ძალიან გაძლიერდა - მიხარია, რომ ამაში წვლილი მეც მიმიძღვის. მადლობა გულშემატკივრებს, მენეჯმენტს, თანაგუნდელებს - ერთად ისტორია დავწერეთ. დამშვიდობების დრო დადგა, მაგრამ ამაყად მივდივარ, იმიტომ რომ საქმე გაკეთებულად მიმაჩნია“.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ივნისში სანაკრებო კარიერას დაასრულებს - 2 ივნისს, რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ კაშია ეროვნულ ნაკრებს დაემშვიდობება.