„დაუნდობელმა კვარამ ჩემპიონობა უზრუნველყო“ - ფრანგული პრესის გამოხმაურება
ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ მოგებაზე კიდევ ერთი სერიოზული განაცხადი გააკეთა - წლევანდელ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ ლიდერს თუ რამეს საყვედურობდნენ, ეს საფრანგეთის ჩემპიონატში სუსტი ასპარეზობა იყო და ეს მცირე ლაფსუსი ხვიჩამ „ლანსთან“ საჩემპიონო გოლის გატანით გამოასწორა - პირველ ნახევარში, როდესაც „სენ-ჟერმენს“ თამაში არ მისდიოდა, მასპინძლების შეცდომისა და უსმან დემბელეს კარგი თამაშის ხარჯზე შექმნილი საგოლე მომენტი კვარამ იდეალურად გამოიყენა, რამაც თამაშის სცენარი სრულიად შეცვალა. სწორედ ამას უსვამდნენ ხაზს მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგული გამოცემები და ხვიჩას ასპარეზობა საკმაოდ დადებითად შეფასდა.
ფრანგულის პრესის გამოხმაურება
Le Parisien: „ბრწყინვალე საფონოვი და დაუნდობელი კვარა - ხვიჩამ, რომელიც წინა შეხვედრებთან შედარებით, ისეთივე აქტიურად არ გამოიყურებოდა, საკუთარი უმაღლესი კლასის დემონტრირება იმ ერთადერთ მომენტშიც შეძლო, რომელიც გოლის გასატანად შეექმნა. სიმბოლურია, რომ საჩემპიონო მატჩში „სენ-ჟერმენი“ იმ ფეხბურთელმა დააწინაურა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ამ გუნდში უდავოდ გამორჩეულია.
L’equpe.fr – „ლანსის“ ფეხბურთელებმა შესვენებამდე „პარი სენ-ჟერმენის“ კარის აღება 14-ჯერ სცადეს, თუმცა ლოგიკურ გვირგვინამდე დააკლდათ ის საშემსრულებლო ოსტატობა, რომელიც სტუმართა შემტევებმა გამოავლინეს. მასპინძლებს დაშვებული შეცდომა დემბელე-კვარას დუეტმა არ აპატია და ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ქართველი მეკარის წინააღმდეგ ცივსისხლიანად გაისარჯა.
90min.com - ნაკლები დამაჯერებლობით ჩატარებული საწყისი 28 წუთის შემდეგ, ხვიჩამ უსმან დემბელეს პასის შემდეგ მასპინძელთა მცველს ორთაბრძოლა მოუგო და ანგარიში გახსნა. მისმა გატანილმა ბურთმა თამაში გააცოცხლა, ამის შემდეგ კვარაც უკეთ ათამაშდა და თანაგუნდელებთანაც გაცილებით კარგად კომბინირებდა. ქართველის გადამწყვეტმა დარტყმა გამარჯვება და ჩემპიონობა უზრუნველყო.
PARISFANS.FR - გოლი და რამდენიმე მომენტში ჩვეული აქტიურობა, თუმცა ჩვენ ამჯერად არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ მოედანზე ისეთი დიდებული კვარაცხელია გვეხილა, როგორსაც მან უკანასკნელ მატჩებში ასპარეზობით მიგვაჩვია.
Maxifoot.fr - პირველი ტაიმის დასაწყისში შეუმჩნეველი იყო, თუმცა როდესაც „პარი სენ-ჟერმენს“ მატჩზე კონტროლის დამყარება ყველაზე მეტად უჭირდა, გოლის გატანის მინიმალური შანსიც გამოიყენა და უსმან დემბელეს პასი დიდოსტატურად გამოიყენა. ეს იყო ეპიზოდი, რომლის სათანადოდ რეალიზებაც სტუმრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ და ეს რთული მისი საკუთარ თავზე ხვიჩამ აიღო.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მე-8 ბურთი გაიტანა, ყველა ტურნირზე კი პსჟ-ის ქართველი შემტევის ანგარიშზე 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.