„ალისონი და იუვენტუსი? მხოლოდ ის ვიცი, რაც პრესაში იწერება“ - სლოტი
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა „ასტონ ვილასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ისაუბრა ტრავმირებული ალისონ ბეკერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მის შესაძლო ტრანსფერზე „იუვენტუსში“.
არნე სლოტი:
ალისონი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მის მდგომარეობას კიდევ შევაფასებთ. თუ მზად არ იქნება, მომდევნო კვირაში დაგვიბრუნდება. ალისონისთვის ეს შესაძლოა „ლივერპულში“ ბოლო მატჩები იყოს? ამ კითხვაზე ისევ ძველი პასუხი მაქვს. რასაც პრესაში [იუვენტუსთან დაკავშირებით] კითხულობთ, იმას ვკითხულობ მეც, მაგრამ ამ თემაზე ახლა საუბარს არ ვაპირებ. გულშემატკივრები ალისონს მხარს დაუჭერენ განურჩევლად იმისა, ეს მისი ბოლო თამაშებია თუ არა.
დავრჩები თუ არა კლუბში? ახლა ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც, თუ მწვრთნელს მისი საუკეთესო სეზონი არ ექნება, მისი მომავალი უკვე კითხვის ქვეშ დგება. ასეთია ახალი რეალობა. მომდევნო სეზონისთვის მზადება? უკვე ვიცით, სად გვექნება ტურნე. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბსა და პოტენციურ ახალწვეულებს შორის და ამ მოლაპარაკებებში მეც ვმონაწილეობ. მაქვს მყარი საფუძველი, ვიფიქრო, რომ მომდევნო სეზონში გუნდს ისევ მე გავწვრთნი.
მაქვს კონტრაქტი, მაგრამ როცა წინა სეზონთან შედარებით სუსტ სეზონს ატარებ, ბუნებრივია, ისმის კრიტიკა. ვინც ჩემპიონი არ ხდება, ყველას აკრიტიკებენ - ახლა ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ.
ცნობისთვის, ასტონ ვილა-ლივერპულის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა განაცხადში ალისონ ბეკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ „მერსისაიდელთა“ კარი შესაძლოა ისევ გიორგი მამარდაშვილმა დაიცვას.