გულიაშვილის საგოლე პასი - რასინგმა ლიდერობა განიმტკიცა
ლა ლიგა 2-ის 39-ე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგ სანტანდერი“ სტუმრად „ლეგანესს“ დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა, რითაც ლიდერობა განიმტკიცა და ლა ლიგაში დაბრუნებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
გიორგი გულიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სტუმართა პირველი გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა შემტევმა 26-ე წუთზე გეიეს გაატანინა, რითაც „რასინგმა“ ტაიმი 1:0 მოიგო.
მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გულიაშვილი 67-ე წუთზე, ვილალიბრეთი შეცვალა, რომელმაც 88-ე წუთზე პენალტი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. დაღჩენილ დროში „ლეგანესმა“ 1 ბურთის გაქვითვა მოასწრო, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
დღევანდელ მატჩში გულიაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 7 შეხება, 3-დან 3 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 1 საგოლე პასი, 0 დარტყმა, 2 განმუხტვა, 1 დაბრუნება. 2-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა, 3-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. Sofascore-ს შეფასება - 6.7 ქულა.
გიორგი გულიაშვილმა ლა ლიგა 2-ში „რასინგის“ მაისურით მე-16 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
39 ტურის შემდეგ „რასინგ სანტანდერი“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 75 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე-მესამე ადგილოსან „დეპორტივო ლა კორუნიასა“ და „ალმერიას“, რომლებსაც 71-71 ქულა აქვთ, 4 ქულით უსწრებს. გათამაშების დასრულებამდე 3 ტური არის დარჩენილი, „რასინგი“ კი მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართავს.