თავისუფალი ჭიდაობა | ელბაქიძე და გამყრელიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში დამარცხდა.
74 კგ-ში გიორგი ელბაქიძემ მეოთხედფინალში უკრაინელი იგორ ნიკიფორუკი 8:4 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვს ეჭიდავა, თუმცა 1:2 დამარცხდა. ხვალ გიორგი ელბაქიძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება.
რაც შეეხება ვლადიმერ გამყრელიძეს (86 კგ), მან მეოთხედფინალში გერმანელ იოზუა მოროდიონს 7:3 სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე იბრაგიმ კადიევი იყო. გამყრელიძე კადიევთან 4:9 დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოსთვის თურქ ოსმან გოჩენთან იჭიდავებს.
დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას მირიან მაისურაძეც (92 კგ), რომელიც მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ალი ცოკაევთან დამარცხდა (0:5).
დღესვე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის სამი ქართველი ფალავანი იჭიდავებს. 57კგ წონით კატეგორიაში მედლის მოპოვებას რობერტ დინგაშვილი, 70 კგ-ში აკაკი ქემერტელიძე, ხოლო 97კგ-ში გივი მაჭარაშვილი შეეცდება.