„ჩემპიონობა შეეძლო. სამწუხაროდ არ გაუმართლა“ - ნაკრების ექიმი ბერდელიძის მდგომარეობაზე
ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედლები მოიპოვა, თუმცა სამწუხაროდ, დღევანდელ ასპარეზობას უიღბლობაც თან ახლდა.
60 კგ. წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძემ ატაცში 125 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა გამოსვლის დროს მხარზე დაზიანება მიიღო, რის გამოც აკვრაში ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
მოგვიანებით, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა „რუსთავი 2“-თან ბერდელიძის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ძალოსანს მხარი ჰქონდა ამოვარდნილი.
რას ამბობს ჭინჭარაული:
„გოდერძი ბერდელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. მისი კლინიკაში გადაყვანა არ გახდა საჭირო. საწყის ეტაპზე ვერ მივხვდით, თუმცა შემდეგ როგორც აღმოჩნდა, მხარი იყო ამოვარდნილი და ადგილზევე მოვახერხე, რომ მხარი ჩამესვა და თავის ადგილზე დამებრუნებინა. შესაბამისად, გაუკეთდა ინექცია, რომელმაც ტკივილი გაუყუჩა. დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ, მალე დაგვიბრუნდება. მადლობა მას ბრძოლისთვის, თუმცა, ნამდვილად იყო იმის შესაძლებლობა, რომ სამივე კატეგორიაში მედლით და შესაძლოა, საქართველოს ჰიმნითაც დაესრულებინა ასპარეზობა. სამწუხაროა, რაც მოხდა. ფიზიკურად ყველანაირი კონდიცია აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ აუცილებლად მოეგო დღეს ეს შეჯიბრება. უბრალოდ, არ გაუმართლა. მცირე ტექნიკური ხარვეზი იყო. ზოგადად, ამ სპორტში ასეთ წონებთან ჭიდილი რთულია და საბოლოოდ, დღევანდელი დღე ასე უიღბლოდ დასრულდა. იმედი მაქვს, სხვა დღეები ჩვენი გუნდისთვის უკეთესი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ დღესვე, ამავე წონაში ატაცის კატეგორიაში 122 კილოგრამის დაძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რამინ შამილიშვილმა.